ნოდარ ხადური - „სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებით სამართლებრივი და სამართლიანი დასკვნები მივიღეთ
ნოდარ ხადური - „სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებით სამართლებრივი და სამართლიანი დასკვნები მივიღეთ

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნოდარ ხადურის განცხადებით, „სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებით სააგენტომ დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლა, გამოითხოვა დამატებითი ინფორმაციები და მიიღო დასკვნები, რომელიც არის სამართლებრივი და სამართლიანი.

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა „სიტროენ ჯორჯიას“  საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მივიჩნიეთ და ნამდვილად ასეა, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვაში დადანაშაულების არანაირი საფრთხე არ არსებობდა და ამას ადასტურებს ყველა ტენდერი, რომელიც „სიტროენ ჯორჯიამ“ გაასაჩივრა“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისი თქმით, გარდაბნის თბოსადგური სახელისუფლებო ორგანო არ არის და შესაბამისად, არ მოხდა ამ საკითხის განხილვა.

რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ნოდარ ხადურის თქმით, 2016 წელს „სიტროენ ჯორჯიასგან“ სააგენტომ სამ ტენდერზე მიიღო საჩივარი, რაზეც კომპანიას მაშინვე დაუსაბუთეს, რომ ამ ტენდერებში არ ყოფილა კონკურენციის დარღვევა.

ნოდარ ხადურის თქმით, „სიტროენ ჯორჯია“ დაეთანხმა ამას და აღარ გაუსაჩივრებია.

„ახლა შემოიტანა ოთხი ტენდერის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ აქაც იყო ძველი ნაწილი, რომელსაც ცალსახად არ განვიხილავდით. რაც შეეხება შემდგომ ტენდერებს, აქაც არათუ შეზღუდვა კონკურენციის არამედ ცალსახად შეიძლება ითქვას რომ “სიტროენ ჯორჯიას” მიერ კითხვა-პასუხის რეჟიმში უფრო გამარტივდა და გაფართოვდა წრე იმ ადამიანების, ვისაც პოტენციურად შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ამ ტენდერებში. შესაბამისად, ვერანაირად დასტურდება, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა რამენაირად შეზღუდა ან შეეძლო თუნდაც თეორიულად შეეზღუდა ეს ტენდერები. ამ შემთხვევაშიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პრაქტიკულად ერთი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა ტენდერების ჩატარებას. ექვსი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის შესაძენად ჩატარდა  ოთხი ტენდერი. ოთხივე ტენდერი გაასაჩივრა „სიტროენმა“ და ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ტენდერები ჩაშალა, შემდეგ „სიტროენის“ მოთხოვნა იყო რომ “ქრაშ ტესტი” ამოღებულიყო მოთხოვნიდან.  ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლოს ერთი წელი რომ ვერ ჩაატარა ტენდერი, მიიღო გადაწყვეტილება,  ამოეღო “ქრაშ ტესტი” და მეხუთე ტენდერიც ჩაიშალა იმის გამო, რომ არც ერთი ორგანიზაცია საერთოდ არ შევიდა ტენდერში. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ისევ სასწრაფოს მანქანებს ეხება, არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვების კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა “სიტროენ ჯორჯიას”, რისი მიზეზიც იყო 12 სხვადასხვა დარღვევა, რომელზეც სიტროენმა ვერ წარადგინა შესაბამისი მოთხოვნა“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადურის განმარტებით, თავიდანვე გამოცხადდა, რომ შესყიდვებში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონოდა ბაზარზე ერთი წლის მუშაობის გამოცდილება. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, „სიტროენმა“ ეს გაასაჩივრა და განაცხადა, რომ აქ ჰქონდა ერთწლიანი გამოცდილება და შეეძლო კარგი ტექნიკის შემოყვანა და დანარჩენი პირობების დაკმაყოფილება.

„ჯანდაცვის სამინისტრომ მოხსნა ეს შეზღუდვა და ამ შემთხვევაშიც გააფართოვა წრე და  რეანომობილის აღჭურვის გამოცდილება მოითხოვა.  „სიტროენის“ განცხადება იყო, რომ ის უზრუნველყოფდა ფრანგული „სიტროენის“ ლიცენზირებულ სლოვენიურ ან თურქულ კომპანიებში ავტომანქანების გადაკეთებას და აღჭურვას.
ამ შემთხვევაშიც ჯანდაცვის სამინისტრომ მოითხოვა 5-წლიანი გამოცდილება, რომ არა „სიტროენს“ არამედ იმ კომპანიას, რომელიც მანქანების აღჭურვილობას უზრუნველყოფდა, ჰქონოდა ​ რეანომობილების გაკეთების, 5-წლიანი გამოცდილება. „სიტროენ ჯორჯია“ დაეთანხმა, მაგრამ უკვე ტენდერის დროს წარმოადგინა უკრაინული კომპანიის ინფორმაცია, რომელსაც ვითომდა ჰქონდა 5-წლიანი გამოცდილება.  უკრაინაში გადამოწმების შემდეგ, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ასეთი გამოცდილება ამ კომპანიას არ ჰქონდა, ანუ ეს იყო არასწორი ინფორმაცია, მაგრამ ამის გარდა კიდევ 11 ხარვეზი დაუდგინა შესყიდვების კომისიამ, რომელიც გაასაჩივრა სიტროენმა დავების საბჭოში. დავების საბჭომ უკან დაუბრუნა სატენდერო კომისიას და უთხრა ხელახლა განეხილა, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ეს ხარვეზები არ გამოუსწორებია.  შესაბამისად, არ ყოფილა მისი შეზღუდვა, ანუ კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი კონკურენციის სააგენტომ აქაც ვერ დაინახა“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება ექვს კომპანიასთან დავას, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ არ იცის, რატომ არის ეს დავა უპრეცედენტო. მისი თქმით, აქ საუბარია ძალიან დიდ მასალაზე.

„კომპანიის განცხადებით, საუბარია 128 ტენდერზე, მაგრამ ჩვენ დავითვალეთ 118. ამ მასალებს შევისწავლით და ვნახავთ, იყო თუ არა შეთანხმებული ქმედება. დღეისთვის ამ თვენახევრის განმავლობაში რასაც ჩვენ ვსწავლობდით, ამისი შესწავლის შესაძლებლობა არ გვქონია. მინიმუმ 118 ტენდერია, რომელიც ჩვენ უნდა შევისწავლოთ, უნდა გამოვკითხოთ კომპანიები, თუ რატომ არ იღებდნენ ამა თუ იმ ტენდერში მონაწილეობას, მათ აქვთ ალბათ თავისი არგუმენტები და ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, ძალიან ობიექტურ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კონკურენციის სააგენტომ კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დღეს დაუშვებლად ცნო. თუმცა, საჩივრის იმ ნაწილს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ექვსი ეკონომიკური აგენტის მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, კონკურენციის სააგენტო გამოიკვლევს.

საუბარია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევაზე.

„სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით, განცხადება კონკურენციის სააგენტომ დღეს გაავრცელა.