ნოდარ ხადური - იმედი მაქვს, გავრცელებული ჩანაწერი არ არის ავთენტური, თუ ავთენტურია, ლევან ყიფიანს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს
სრული პასუხისმგებლობითა და ძალიან კატეგორიულად ვამბობ, რომ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგაც, არც ერთ ბიზნესთან არაფორმალურ ურთიერთობებში არ შევსულვარ და არავის ჩემს წინაშე არაფორმალური ვალდებულებები არ შექმნია, – ამის შესახებ პირველ არხს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერის შესახებ განუცხადა.
როგორც ხადურმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რა ხდება.
„ეს არ ყოფილა ჩემი ცხოვრების და მუშაობის წესი. ამას გეტყვით უამრავი ბიზნესმენი და ადამიანი, რომელთა საქმეების განხილვაში მონაწილეობა მიმიღია“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
კითხვაზე, რატომ შეიძლება ახსენებდეს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ხადურის გვარს „ომეგასთან“ დაკავშირებულ ჩანაწერში, ხადური იმედოვნებს, რომ ჩანაწერი ავთენტური არ არის.
„ნამდვილად არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ეს ჩანაწერები არ არის ავთენტური, მაგრამ თუ ავთენტურია, მაშინ ბატონ ლევანს მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა ხადურმა.
ამასთან, ფინანსთა ყოფილი მინისტრი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებასთანაც ითანამშრომლოს.
„გამოძიებასაც ვუპასუხებ საჭიროების შემთხვევაში, რადგან არავისთან შევსულვარ არაფორმალურ ურთიერთობებში ბიზნესის თემების განხილვისას, მაშინაც, როცა ვიყავი ფინანსთა მინისტრი და ახლა, როცა ვარ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი“, – განუცხადა ნოდარ ხადურმა პირველ არხს.
ამასთან, როგორც ხადურმა აღნიშნა, ის საქართველოში არ არის და ჩანაწერთან დაკავშირებით ლევან ყიფიანთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„სამწუხაროდ, არ ვარ საქართველოში, მაგრამ არ მგონია, რომ დღეს აზრი აქვს ბატონ ლევანთან საუბარს“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ყიფიანს, რა თქმა უნდა, დაელაპარაკება.
დღეს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ორი მინისტრის ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.