ნოდარ ხადური - ჩემი მონაწილეობით არანაირი კორუფციული გარიგებები არ ყოფილა, ნოდარ ხადურს არასდროს არავისთვის არაფერი უთხოვია
ფინანსთა ყოფილი მინისტრი, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება და კორუფციულ გარიგებებთან მის შესაძლო კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
„მე არ ვიცი რაზე საუბრობდა ორი ადამიანი. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელ თემებზე საუბრობდნენ. ნოდარ ხადურს არასდროს არავისთვის არაფერი არ უთხოვია. არ მიუცია არავისთვის რწმუნება, რომ მისი სახელით ესაუბრა ბიზნეს-სუბიექტებთან, ნოდარ ხადურს ასე არ უცხოვრია და არ უმუშავია. ფინანსთა მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს ნოდარ ხადურის მთავარი მიღწევა იყო, რომ საგადასახადო და საბაჟო, საგამოძიებო სამსახურები განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან“, – განუცხადა ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებს.
ხადურისთვის გაუგებარია, რატომ უნდა განიხილოს აღნიშნული საქმე ლონდონის სასამართლომ.
“არ ვარ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. არც ერთ კითხვას არ გავურბივარ. მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი რესურსებით შემიძლია ჩავიდე ლონდონში, ვიქირავო თარჯიმანი და ადვოკატი, ძალიან ცდება“, – აღნიშნა ხადურმა.
ფინანსთა ყოფილი მინისტრი „ომეგა ჯგუფის“ დავალიანების თემასაც შეეხო.
„აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ „ომეგა ჯგუფმა“ არ გადაიხადა გადასახადები. „ომეგა ჯგუფმა“ მომხმარებლებს გამოართვა გადასახადი, აქციზი და თვითონ დახარჯა. მომხმარებლის მიერ გადახდილი გადასახადი არ გადაიხადა ბიუჯეტში“, – აღნიშნა ხადურმა.
მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილს მხოლოდ ორჯერ არის შეხვედრილი, მათ შორის ერთხელ, საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე.
„საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე ვიყავი. ფინანსთა მინისტრი არანაირ კორუფციულ გარიგებებში არ ყოფილა და მერწმუნეთ, საგადასახადო და საბაჟო სფეროებში თუ რამე ხდება, ის ფინანსთა მინისტრს უნდა სცოდნოდა“, – განაცხადა ხადურმა.
ამასთან, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა თამბაქოს ბაზრის კვლევაზე და აღნიშნა, რომ შესწავლა გრძელდება და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.