ნოდარ კერესელიძე - მოლოდინი არ გვაქვს, რომ ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში იმავე მასშტაბით იქნება, როგორც შარშან დასავლეთ საქართველოში იყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე აცხადებს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიმდინარეობს მონიტორინგის სისტემის განთავსება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში.
კერესელიძის თქმით, თუ ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოჩნდება, სამინისტრო მზადაა, მავნებელთან ბრძოლის შესაბამისი კამპანია დაგეგმოს და განახორციელოს.
„მონიტორინგის ეს სისტემა მოგვცემს შესაძლებლობას, დავინახოთ სურათი, თუ სად და რა მასშტაბით არის მავნებელი. შესაბამისად, თუკი დაფიქსირდება ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში, მზად ვართ, შესაბამისი კამპანია დავგეგმოთ და განვახორციელოთ. მოლოდინი არ გვაქვს, რომ ფაროსანა იმავე მასშტაბით იქნება აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც ეს შარშან დასავლეთ საქართველოში იყო, გამომდინარე სხვადასხვა ფაქტორიდან“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
ნოდარ კერესელიძის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არის სრული მზადყოფნა, აბაშაში გახსნილია საკოორდინაციო შტაბი.
„მობილიზებულია ტექნიკა, გვაქვს შესაბამისი პესტიციდები და ქიმიკატები, რომლის გამოყენებაც მოხდება იმის მიხედვით, როგორ გამოვა მავნებელი და რა მასშტაბით“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
შეკითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში მოხდება თუ არა ავიაციის ჩართვა, მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში ავიაციაც იქნება გამოყენებული.