ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სასკოლო ოლიმპიადა 2023-ის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სასკოლო ოლიმპიადა 2023-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ოლიმპიადის ყველა გამარჯვებულს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსების დამადასტურებელი სერტიფიკატი და სპეციალური პრიზები გადაეცა.
„სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებებში“ გამარჯვებულები გახდნენ და გერმანიაში, ZEISS-ის კორპორაციას ესტუმრებიან სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლის, ქალაქ გორის მე-2 საჯარო სკოლისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
„სამოქალაქო განათლება – სამართლებრივი საფუძვლების“ მიმართულებით პირველი, მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის, კასპის N1 საჯარო სკოლისა და ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სასწავლო ვიზიტით ქალაქ ბრიუსელში გაემგზავრებიან და ეწვევიან ევროპარლამენტს.
ევროპარლამენტს ასევე ეწვევიან „ესეებისა და დებატების კონკურსის“ გამარჯვებული თბილისის თავისუფალი სკოლის, კასპის N1 საჯარო სკოლისა და სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
„ბიზნესი – სამეწარმეო საფუძვლების“ მიმართულებით გამარჯვება მოიპოვეს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის 51-ე საჯარო სკოლისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას „ნიუ ვიჟენ ჯგუფის“ ერთ-ერთ კომპანიაში გაივლიან.
სპორტული შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის N2 საჯარო სკოლის გუნდი „ლიდერი“, რომელიც გაემგზავრება და დაესწრება UEFA-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს.
სასკოლო ოლიმპიადა სამი თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და მასში 1 200-მდე მოსწავლემ ხუთი მიმართულებით გამოსცადა საკუთარი უნარები.
„ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადა“ 2022 წლიდან იმართება. წელს მასში მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით იღებდნენ მონაწილეობას.