ნიუ ორლეანში რასიზმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ჯონ მაკდონოს ძეგლი ჩამოაგდეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ორლეანში რასიზმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ჯონ მაკდონოს ძეგლი ჩამოაგდეს, ქუჩებში ჩამოატარეს, შემდეგ სატვირთო ავტომობილში ჩადეს და მდინარე მისისიპიში ჩააგდეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მაკდონო ცნობილი მონათმფლობელი იყო.
სატვირთო ავტომობილის მძღოლები პოლიციამ დააკავა.
ნიუ ორლეანის მერმა ძეგლის ჩამოგდების ფაქტი დაგმო.
ლატოია კანდელმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ეს ვანდალიზმი და არაკანონიერი ქმედებაა.
რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.