ნიუ-იორკში ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს
ნიუ-იორკში, მიწისქვეშა გადასასვლელში ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის დაკავებულ ბანგლადეშელ მამაკაცს ბრალი ტერორიზმის მუხლით წაუყენეს.
აკაიედ ულამ 11 დეკემბერს თავის აფეთქება ხალხმრავალ ადგილას სცადა და შემდეგ აღიარა, რომ ამას დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით აკეთებდა.
ულას ბრალდება უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერას, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებასა და ტერაქტის მცდელობას მოიცავს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ცნობით, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის თავად აკაიედ ულა, რომელმაც ყველაზე მძიმე დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.