ნიუ იორკში დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია ოფიციალურად გაიხსნება. კვირის ყველაზე დიდ ინტრიგად აშშ-ის და ირანის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა მიიჩნევა.
დღესვე, გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის თავმჯდომარის თანამდებობას გაერო-ში ნიგერიის მუდმივი წარმომადგენელი ტიჯანი მუჰამედ ბანდე დაიკავებს.
გენერალურ ასამბლეაზე განხილვის მთავარი თემები იქნება – ირანი, დაძაბულობა სპარსეთის ყურეში, ასევე ჩრდილოეთ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება და სირიის საკითხი.
23 სექტემბრიდან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დაგეგმილია კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი სამიტი. 24-30 სექტემბერს კი, გაერო-ს ტრიბუნა 100-ზე მეტ სახელმწიფოს მეთაურს, 80 პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს დაეთმობა.
აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გენერალური დებატების პირველ დღეს, 24 სექტემბერს არის დაგეგმილი. ასევე გაერო-ს ტრიბუნიდან გენერალური ასამბლეის მონაწილეებს მიმართავენ ბრაზილიის, თურქეთის, საფრანგეთის, ირანის, ლიბანის, პალესტინის, პოლონეთის, ავღანეთის და ერაყის ლიდერები.
გაერო-ს ასამბლეაზე პირველად წარდგება უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. მისი გამოსვლა 25 სექტემბერსაა დაგეგმილი. ამავე დღეს მიმართავს სტუმრებს ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი.
საქართველოს სახელით წელს გენერალურ დებატებში მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.