ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში ქართული ღვინო წარადგინეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პრეზენტაცია, დეგუსტაციებთან ერთად, ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის შესახებ სემინარს მოიცავდა.
ღონისძიებებს ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი უძღვებოდა.
ღვინის წარდგენას ქართველი ღვინის მწარმოებლები, ადგილობრივი ღვინით მოვაჭრეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების მიერ ამერიკის შეერთებული შტატები შეირჩა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.
სააგენტო განმარტავს, რომ ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობის შედეგად, აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად მზარდია. 2019 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 354 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90 პროცენტს შეადგენს.