ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდოლფ ჯულიანი დონალდ ტრამპის იურისტი გახდა
ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდოლფ ჯულიანი დონალდ ტრამპის იურისტი გახდა

ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდოლფ ჯულიანი დონალდ ტრამპის იურისტების გუნდს შეუერთდა. როგორც გამოცემა Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯულიანმა განცახადა, გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებას ქვეყნის საკეთილდღეოდ დაასრულებს.

ამავე დროს, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერისადმი პატივისცემით არის გამსჭვალული.

რუდოლფ ჯულიანი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მერია, რომელმაც კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლით გაითქვა სახელი. ამას გარდა, ჯულიანი გამოცდილი იურისტია. 2016 წლის გაზაფხულიდან ის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი თანაგუნდელი იყო, 2017 წელს კი პრეზიდენტის მრჩეველი კიბერუსაფრთხოების საკითხებში.

დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუდოლფ ჯულიანის კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილებოდა.