ნიუ-იორკის ტერაქტში ბრალდებული, რომელმაც ფეხით მოსიარულეებს სატვირთო მანქანით გადაუარა და რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
საიფულო საიპოვმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წელს უზბეკეთიდან ჩავიდა, ფედერალურ სასამართლოში პროცესზე უდანაშაულოდ ცნობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. მას ბრალი ტერორიზმისა და მკვლელობის მუხლების 22 სხვადასხვა პუნქტით აქვს წაყენებული, მათ შორის არის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მატერიალური მხარდაჭერაც. საიპოვი 31 ოქტომბრის თავდასხმის დროს შემთხვევის ადგილზე აიყვანეს.
ეს ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა იყო.
საიპოვის მიმართ წაყენებული ბრალდებებისთვის ყველაზე მძიმე ზომად სიკვდილით დასჯაც განიხილება. სასჯელის ამ ფორმის გამოყენებას ბრალდებულის მიმართ აქტიურად უჭერს მხარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
საიპოვი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე აყვანის ოპერაციის დროს დაჭრა. საქმეში არსებული დოკუმენტების მიხედვით, საიპოვმა ჯერ კიდევ საავადმყოფოში დაკითხვის დროს აღიარა ჩადენილი დანაშაული და დეტალურად აღწერა, როგორ გეგმავდა თავდასხმას ერთი წლის განმავლობაში.
ჩვენების მიხედვით, ბრალდებულმა მაშინ ისაუბრა, რომ მისი შთაგონების წყარო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ იყო და მათი დროშის პალატაში გაკვრა მოითხოვა.
საიპოვის საქმის მომდევნო მოსმენა სასამართლოში 23 იანვარს არის ჩანიშნული.