ნიუ იორკის პროკურატურამ დონალდ ტრამპის საქველმოქმედო ორგანიზაცია Trump Foundation-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა
ნიუ იორკის პროკურატურამ დონალდ ტრამპის საქველმოქმედო ორგანიზაცია Trump Foundation-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ამასთან ერთად შტატის გენერალური პროკურორი, ბარბარა ანდერვუდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც შტატის გენერალური პროკურორი, ბარბარა ანდერვუსდი აცხადებს, საქველმოქმედო ორგანიზაცია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო „უკანონო პოლიტიკურ კოორდინაციას“ აწარმოებდა. კერძოდ, ორგანიზაცია მის სახელს და ფონდს დონალდ ტრამპის კანდიდატურის მხარდასაჭერად იყენებდა. აღნიშნული აქტივობები კი თავად დონალდ ტრამპისგან იყო ნაკარნახევი.
ანდერვუდის თქმით, სარჩელის მიზანი საქველმოქმედო ორგანიზაციის დახურვაა.
გენერალური პროკურორის მტკიცებით, საქველმოქმედო ორგანიზაციამ თავის დროზე ტრამპის სასარგებლოდ სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად 300 ათას დოლარამდე დახარჯა. როგორც ბარბარა ანდერვუდსმა აღნიშნა, ორგანიზაციის ფონდი დონალდ ტრამპისთვის ანგარიშის წიგნაკს წარმოადგენდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა უვლიდა თუ არა გვერდს ესა თუ ის ტრანზაქცია კანონს.
პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ საქველმოქმედო ორგანიზაციაში. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებებში გარეულები არასდროს ყოფილან.
ბრალდებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციაში იმაზე მეტი თანხა გადარიცხა, ვიდრე თავის დროზე დაიხარჯა.