ნიუ იორკის პროკურატურა დონალდ ტრამპს და მის ოჯახს თაღლითობაში ადანაშაულებს
ნიუ იორკის პროკურატურა დონალდ ტრამპს და მის ოჯახს თაღლითობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნიუ იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა 220 გვერდიანი სარჩელი შეიტანა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ასევე მისი სამი შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის, ერიკ და ივანკა ტრამპების წინააღმდეგ.
წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, მის ნათესავებსა და ბიზნეს ორგანიზაციას ბრალად ედებათ წლების განმავლობაში ფინანსური თაღლითობა, მათ შორის კომპანიის კაპიტალიზაციის შესახებ ყალბი მონაცემების მიწოდება, რომელიც ან არასაკმარისად იყო შეფასებული ან გადაჭარბებული იყო, ხელსაყრელი პირობებით კრედიტის ასაღებად, ან ნაკლები გადასახადების გადასახდელად.
პროკურატურის ცნობით, ასეთი კრედიტები ტრამპის ორგანიზაციამ და მსხვილმა გერმანულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა „დოიჩე ბანკმა“ გასცეს. პროკურატურა ასევე ითხოვს ტრამპის ოჯახისგან 250 მილიონი დოლარის ანაზღაურებას.
ნიუ იორკის შტატის გენერალური პროკურორის თქმით, დონალდ ტრამპმა და სხვა ბრალდებულებმა ათი წლის განმავლობაში 200-ჯერ მეტად შეაფასეს თავიანთი აქტივები. გამოძიება სამი წელი გაგრძელდა, რომლის დროსაც 65 მოწმე იქნა დაკითხული და მილიონობით დოკუმენტი იქნა გამოკვლეული.
„დონალდ ტრამპმა თაღლითურად გაზარდა თავისი ქონება მილიარდობით დოლარით, რათა უსამართლოდ გამდიდრებულიყო და მოეტყუებინა სისტემა და შესაბამისად, ყველა ჩვენგანი“, – განაცხადა ლეტიცია ჯეიმსმა.
სააგენტოს ცნობით, ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნულს მის პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
„როგორც ყველამ ვიცით, დღევანდელ ბრალდებას არანაირი კავშირი არ აქვს ფაქტებთან ან კანონთან“, – ნათქვამია ტრამპის ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც გამოცემა The New York Times-მა გაავრცელა.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ტრამპი პოლიტიკური დევნის ობიექტად მიიჩნევს თავს და აღნიშნავს, რომ პროკურორი, რომელიც მას ბრალს სდებს, დემოკრატიული პარტიის წევრია.