ნიუ იორკის პოლიციამ „ესოშიეითიდ პრესის“ ჟურნალისტებს აქციის გაშუქების საშუალება არ მისცა
„ესოშიეითიდ პრესის“ ორი ჟურნალისტი აცხადებს, რომ მათ ნიუ იორკის პოლიციამ მიმდინარე აქციის გადაღების საშუალება არ მისცა, მათი გაძევება ყვირილითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადა.
ჟურნალისტი რობერტ ბამსტედი და ფოტოგრაფი მეი ვონგი ნიუ იორკში, მანჰეტენში იმყოფებოდნენ. ორივე ჟურნალისტს „ესოშიეითიდ პრესის“ საშვები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ეკეთათ.
ჟურნალისტებმა ინციდენტის ვიდეოზე აღბეჭდვა მოახერხეს, სადაც ნათლად ჩანს, როგორ უხსნის ჟურნალისტი პოლიციელს, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, პოლიციელი კი აცხადებს, რომ მას ეს არ აინტერესებს.
ინციდენტს გამოეხმაურა „ესოშიეითიდ პრესის“ სპიკერი, ლორენ ისტონი და პოლიციის ქმედებები დაგმო.
„ჟურნალისტების მოვალეობაა ამბების გაშუქება საზოგადეობის სახელით. როდესაც ჟურნალისტებს საკუთარი საქმის კეთების გამო ავიწროებენ, ეს მიუღებელი და ძალზედ შემაშფოთებელია“, – განაცხადა ისტონმა.