ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ჰიდროქსიქლოროქინს“ კოვიდპაციენტებზე არც დადებითი და არც დამაზიანებელი გავლენა არ აქვს
ნიუ იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჰოვარდ ზაქერმა განაცხადა, რომ საავადმყოფოებში მოთავსებულ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე დაკვირვების შედეგად ნათელი გახდა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინს“ მათზე არც დადებითი და არც გამოკვეთილად უარყოფითი ეფექტი არ ჰქონია. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.
„ცნობილი იყო, რომ ამ პრეპარატის მოხმარებას შესაძლოა, არითმიული გულისცემა მოჰყოლოდა, როცა პრეპარატს „აზიტრომიცინთან“ ერთად ვიყენებდით“, – განაცხადა ზაქერმა.
პრეპარატის შესახებ დღევანდელი ბრიფინგის დროს ასევე ისაუბრა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ. მან განაცხადა, რომ მისი ეფექტის კვლევა ნიუ იორკის საავადმყოფოებში საკვებისა და წამლების ადმინისტრაციისთვის ტარდებოდა, თუმცა ტესტებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ეფექტური არ აღმოჩნდა.