ნიუ იორკის გუბერნატორი აცხადებს, რომ პირბადის გარეშე სიარული ექიმების უპატივცემულობაა, რომლებმაც თავი გაწირეს
ნიუ იორკის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს თქმით, პირბადის გარეშე სიარული ექიმების უპატივცემულობაა, რომლებმაც თავი გაწირეს. ამის შესახებ განცხადება კუომომ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც მან ნიუ იორკის შტატის მცხოვრებლებს კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა გააცნო.
„ეს უპატივცემულობაა იმ სამედიცინო პერსონალისა და თუ სხვა ადამიანებისადმი, რომლებმაც გასული 100 დღის განმავლობაში მსხვერპლი გაიღეს, ხოლო ზოგი დაიღუპა და სიცოცხლე გაწირა ვირუსის დასამარცხებლად“, – განაცხადა ნიუ იორკის გუბერნატორმა.
მისივე თქმით, ნიუ იორკის შტატში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემოღებული წესების დარღვევის 25 000 შემთხვევაა აღრიცხული. კუომოს განცხადებით, ყველაზე რთული სიტუაცია ამ მხრივ მანჰეტენსა და ჰემპტონშია.
გუბერნატორმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს და წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხა, რომ შეზღუდვების დაწესება ხელახლა გახდეს საჭირო.
ნიუ იორკში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.