„ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც შესაძლოა, უკრაინულ თვითმფრინავზე რაკეტის შეჯახება იყოს ასახული [ვიდეო]
ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც შესაძლოა, უკრაინულ თვითმფრინავზე რაკეტის შეჯახება იყოს ასახული. გამოცემა წერს, რომ გადაამოწმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომლითაც დასტურდება, რომ უკრაინულ ავიალაინერს აფრენიდან რამდენიმე წუთში ობიექტი ეჯახება, რის შემდეგაც ბოინგი ფეთქდება და ვარდება.
„ნიუ იორკ თაიმსი“ ირწმუნება, რომ ვიდეოზე დაფიქსირებულია სწორედ ის მომენტი, როდესაც უკრაინულ ავიალაინერს აფრენიდან რამდენიმე წუთში რაკეტა ეჯახება. გამოცემა წერს, რომ რაკეტის მოხვედრის შემდეგ ავიალაინერი არ ფეთქდება, თვითმფრინავი აგრძელებს ფრენას და უკან, აეროპორტისკენ იღებს გეზს, თუმცა მალევე ფეთქდება და ვარდება.
ამასთან, ცაში სინათლის გაელვების შემდეგ ისმის ხმა, რომელიც ამერიკული მედიის ცნობით, შესაძლოა, რაკეტის აფეთქების ხმა იყოს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა.
თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. ირანში აცხადებენ, რომ უკრაინული „ბოინგის“ ჩამოვარდნა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება. თავის მხრივ, ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა და რაიმე ხარვეზი დაფიქსირებული არ ყოფილა.