„ამ ქვეყანამ დასავლეთს ზურგი აქცია და ის უკან აღარ ბრუნდება“, – ამ სათაურით „ნიუ იორკ თაიმსი“ საავტორო სტატიას აქვეყნებს.
ჯოშუა კუცერა საავტორო სტატიაში წერს, რომ „ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და დასავლეთს შორის სასიყვარულო ისტორია ვნებიანი იყო“.
„კავკასიის ამ რთულ გეოგრაფიაში – რუსეთის, თურქეთისა და ირანის გარემოცვაში – არის პატარა, მამაცი ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს დასავლეთის ნაწილად მიიჩნევდა. ევროკავშირის დროშები ყველა სამთავრობო შენობის წინ ფრიალებდა, მაშინაც კი, როდესაც გაწევრიანება მხოლოდ ფანტაზიად ჩანდა. ქართველები, როდესაც იგებენ, რომ ამერიკელი ხარ, თითქმის ყოველთვის გამოხატავენ სიყვარულს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და მადლიერებას ამერიკული მხარდაჭერისთვის მათი საუკუნოვანი მტრის, რუსეთის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში ამ სითბოს თბილად პასუხობდა ვაშინგტონი, ბრიუსელი და სხვა ევროპულ დედაქალაქები, სადაც საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო საყვარელი პარტნიორი – დასავლური ღირებულებების გავრცელების მაგალითი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფორპოსტი პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის პროეცირებისთვის“, – ნათქვამია სტატიაში.
თუმცა, როგორც სტატიის ავტორი წერს, დღეს საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობები კრიზისშია.
„მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ღიად მტრულად არის განწყობილი თავისი დასავლელი პარტნიორების მიმართ. მათ, თავის მხრივ, საპასუხო დარტყმა განახორციელეს, იქამდეც კი მივიდნენ, რომ სანქციები დაუწესეს მაღალი თანამდებობის პირებს. დაძაბულობა პიკს აღწევს, რადგან ქართველები 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. აშშ და ევროკავშირი ისე ღიად უპირისპირდებიან „ქართულ ოცნებას“, როგორც ეს შესაძლებელია, მიუკერძოებლობის უთხელესი საფარველის შენარჩუნებით“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში „სოციოლოგიური გამოკითხვები არასანდოა და ძნელი სათქმელია, ვინ გაიმარჯვებს“.
„თუმცა, მმართველი პარტიის დამარცხების შემთხვევაშიც კი, ის ფაქტორები არ გაქრება, რომლებმაც გამოიწვია ის, რომ ქვეყანამ დასავლეთს ზურგი აქცია. გაკოტრების პროცესის მსგავსად, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების კოლაფსი თანდათანობით მოხდა და არ არსებობს გარანტია, რომ ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია“, – ნათქვამია სტატიაში.
კუცერას მოსაზრებით, „მიმდინარე კრიზისის უშუალო მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა“.
„„ქართულმა ოცნებამ“ უკიდურესად ფრთხილი პოზიცია დაიკავა და უარი თქვა, რომელიმე მხარე აერჩია. საქართველომ რუსეთთან ომი 2008 წელს უკვე წააგო და უკრაინაში ომის დაწყებამ კვლავ გააღვივა შიში, რომ ეს შეიძლება კვლავ განმეორდეს. თავდაპირველად დასავლელი პოლიტიკოსები გაგებით ეკიდებოდნენ საქართველოს ნეიტრალიტეტს. ესმოდათ ქვეყნის მდგომარეობა: ბოლოს და ბოლოს, საქართველოს არ ჰქონდა უსაფრთხოების გარანტია დასავლეთისგან, მიუხედავად ნატო-ს წევრობის მოპოვების მრავალწლიანი წარუმატებელი მცდელობებისა. მაშინაც კი, როდესაც ქვეყანა უკრაინის ომში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა, საქართველომ გააკეთა ევროკავშირში განაცხადი და გასულ წელს კანდიდატის სტატუსი მიიღო. მაგრამ მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მარჯვნივ გადაიხარა, დაიწყო რთული შეთქმულების თეორიის წინ წაწევა, რომლის მიხედვითაც, „გლობალური ომის პარტია“ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას ცდილობდა დასავლეთისა და უკრაინის სახელით. ასევე მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია ამ ძალასთან თანამშრომლობდა“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მმართველი პარტია თავს დაესხა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებდნენ დაფინანსებას, ამტკიცებდა რა, რომ ისინი დასავლეთის ბრძანებებს ასრულებდნენ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსაყვანად“.
„„ქართულმა ოცნებამ“ წელს, დიდი პროტესტის მიუხედავად, მიიღო კანონი, რომელიც ამ ჯგუფებს უცხოელ აგენტებად გამოცხადებდა. კანონმა გააჩინა საშიში პარალელები რუსეთთან, რომელმაც მსგავსი კანონი გამოიყენა კრიტიკული ხმების ჩასახშობად. აშშ-მა და ევროკავშირმა ხისტად უპასუხეს. ბოლო თვეების განმავლობაში ვაშინგტონმა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დააწესა ათობით ქართველი ოფიციალური პირის წინააღმდეგ და გააუქმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ბრიუსელმა კი, თავის მხრივ, შეაჩერა გაწევრიანების მოლაპარაკებები. საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობები ყველა დროის მინიმუმზეა“, – ნათქვამია „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
ავტორის თქმით, „ეს ხდება მაშინ, როდესაც უკრაინის ომმა კავკასიის რეგიონს ახალი სტრატეგიული მნიშვნელობა შესძინა“.
„ევროპა ცდილობს, განავითაროს ახალი სატრანსპორტო მარშრუტები აზიისკენ, რომლებიც რუსეთს გვერდს აუვლის: თუ გსურს ირანის გვერდის ავლაც, კავკასია ერთადერთი გზაა. რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირი ზრდის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვას, რომელიც საქართველოს გავლით მიდის ევროპისკენ და აფინანსებს უზარმაზარ ახალ ელექტროკაბელს საქართველოდან რუმინეთამდე, შავი ზღვის ფსკერზე. სწორედ მაშინ, როდესაც ევროპას საქართველო უფრო მეტად სჭირდება, საქართველოს, როგორც ჩანს, დასავლეთი ნაკლებად სჭირდება. მთავრობამ ახლახან შავ ზღვაზე მნიშვნელოვანი პორტის მშენებლობის კონტრაქტი ჩინურ კონსორციუმთან გააფორმა, ჩინეთის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ გააპროტესტეს ასეთი სტრატეგიული პროექტის ჩინეთისთვის ჩაბარება, მაგრამ კერძო საუბრებში დიპლომატები აღიარებენ, რომ არცერთი დასავლური ბიზნესი არ იყო მზად საჭირო თანხების დაბანდებისთვის. რვა წლის შემდეგ, რაც საქართველომ სავაჭრო შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, ვაჭრობა ევროპასთან, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-თან ვაჭრობაზე, შედარებით შეზღუდულია და ამ კუთხით საქართველოს საზღვრებთან უფრო ახლოს მდებარე ქვეყნები დომინირებენ. რეგიონის მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველომ ეკონომიკური სარგებელი ნახა რუსეთის დასავლური ბაზრებიდან იზოლაციით, რუსეთში ავტომობილების რეექსპორტითა და რუსი ემიგრანტების მიერ წამოწყებული ახალი ბიზნესების მასპინძლობით. როგორც ჩანს, ამ მოვლენებმა „ქართული ოცნება“ დაარწმუნა, რომ, დასავლეთისადმი უცვლელი ერთგულების ნაცვლად, მას შეუძლია, დასავლეთთან უფრო ტრანზაქციული ურთიერთობა ჰქონდეს და რომ საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა შეიძლება საკმარისი იყოს, რათა ვაშინგტონმა და ბრიუსელმა თვალი დახუჭონ როგორც მის მზარდ დაუმორჩილებლობაზე, ისე მის სწრაფ გადახრაზე ავტოკრატიისკენ. პარტია, შეიძლება, გადაჭარბებულად აფასებს თავის გავლენას, მაგრამ უდავოა, რომ ქვეყანას დღეს იმაზე მეტი არჩევანი აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონდა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატაში აღნიშნულია, რომ „ბევრ ქართველს დასავლეთის იდეალიზებული წარმოდგენები და გადაჭარბებული მოლოდინები აქვს“.
მისივე თქმით, „ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სიტუაცია მიუთითებს, რომ საქართველოს დასავლეთთან დაშორება გარდაუვალია“.
„პროდასავლურად განწყობილი ქართველების გადაჭარბებული მოლოდინები, როგორც ჩანს, უფრო 1990-იანი და 2000-იანი წლების უნიპოლარულ ეპოქას შეესაბამება, ვიდრე უფრო ანარქიულ 2024 წელს. ხშირად ისე ჩანს, რომ პროდასავლურად განწყობილი ქართველები თავიანთ პოლიტიკურ ძალაუფლებას ევროპასა და ამერიკას აბარებენ, ნაცვლად იმისა, რომ თავად შეეცადონ ცვლილებების განხორციელებას. ოპოზიციის გამარჯვება შეიძლება კრიზისიდან გამოსვლის მოკლევადიანი გზა იყოს, მაგრამ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რეალობები მიუთითებს, რომ ქვეყნის ურთიერთობა დასავლეთთან გარდაუვლად უფრო დისტანციური გახდება. ყოველივე ეს არჩევნების წინ საქართველოს ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს. არეულობის ალბათობა არ არის მცირე: „ქართული ოცნება“ შეიძლება შეეცადოს არჩევნების გაყალბებას, და ძნელი წარმოსადგენია, რომ ოპოზიცია დამარცხებას შეეგუება. მოსალოდნელია, რომ აშშ და ევროკავშირი შეეცდებიან შუამავლობას, მაგრამ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს შეკავებას, რომ ქვეყანა მათ მკლავებიდან არ დაუსხლტეს“, – ნათქვამია სტატიაში.