ცხოვრება საქართველოსა და რუსეთის „მოძრავ საზღვარზე“ – ამ სათაურით ფოტორეპორტაჟს “ნიუ-იორკ ტაიმსი“ აქვეყნებს.
პუბლიკაციაში იმ ადამიანების ყოველდღიურობაა აღწერილი, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიახლოვეს ცხოვრობენ.
„წარმოიდგინეთ, როდესაც სხვა ქვეყანაში იღვიძებთ ისე, რომ ადგილსამყოფელი არ შეგიცვლიათ. ასეთ რეალობაში ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები აღმოჩნდნენ, რომელსაც აშშ-ი და NATO საქართველოს ტერიტორიად აღიარებს, თუმცა ეს რეგიონი უკვე 30 წელია რუსეთის გავლენის ქვეშ არის მოქცეული” – წერს სტატიის ავტორი.
რეპორტაჟში ნათქვამია, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის ჯარი წინსვლას განაგრძობს.
„ცხინვალის რეგიონში გამავალი ფიქტიური საზღვარი მხოლოდ რუსეთმა და კიდევ სამმა სახელმწიფომ აღიარა. 2008 წლის შემდეგ საკუთარი სახლის მიტოვებამ 300 ათასს ქართველს მოუწია. 2011 წელს რუსეთმა ე.წ. საზღვრის გამაგრება დაიწყო, მათ შორის მავთულხლართების გავლებით. ახლა ქართველებს გამყოფ ხაზთან 200 მეტრის მანძილზე მიახლოება არ შეუძლიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იტაცებენ და აპატიმრებენ” – ნათქვამია სტატიაში.
ფოტოების ავტორი თაკო რობაქიძეა, რომელიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში ფოტოებს ერთი წელი იღებდა.