„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, 2024 წლის ზაფხულისთვის „ეფ-16“-ით ფრენისთვის 12 უკრაინელი პილოტი იქნება მზად
2024 წლის ზაფხულისთვის „ეფ-16“-ით ფრენისთვის 12 უკრაინელი პილოტი იქნება მზად. როგორც გავლენიანი ამერიკელი გამოცემა წერს, 2024 წლის ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდება 12 უკრაინელი მფრინავი, რომლებმაც დანიაში, დიდი ბრიტანეთსა და აშშ-ში გაიარეს „ეფ-16“-ებით ფრენის შესწავლის ათთვიანი კურსი. თუმცა, როგორც სტატიაში ნათქვამი, პილოტების დაბრუნების მომენტში უკრაინას დასავლეთის მიერ დაპირებული 45 „ეფ-16“-დან მხოლოდ ექვსი ეყოლება.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ჯერ გაურკვეველია, როდის გადასცემენ კონკრეტული ევროპული სახელმწიფოები უკრაინას თანამედროვე ავიაგამანადგურებლებს, რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი მფრინავების მომზადება და საიდან ეყოლება უკრაინას „ეფ-16“-ების მომსახურებისთვის საჭირო პერსონალი. თითოეული თვითმფრინავის მომსახურებას 14-მდე კვალიფიციური კადრი სჭირდება.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ზოგადად, უკრაინელი პილოტები თანამედროვე თვითმფრინავების მართვას ძალიან სწრაფად სწავლობენ და ეს პროცესი რამდენიმე თვე გრძელდება და არა – წლები. თუმცა პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეს მაინც იმაზე დიდი დროა, ვიდრე უკრაინა და მისი მოკავშირეები ელოდებოდნენ, რადგანაც მფრინავებს მოუწიათ ინგლისური ენისა და ფრენის დასავლური ტექნიკის ათვისება, რომ „ეფ-16“-ების მართვა ეფექტურად შეძლონ.
ცნობისთვის, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია და ბელგია უკრაინას 45 ერთეული „ეფ-16“-ის გაგზავნას დაჰპირდნენ. დანიაში აცხადებენ, რომ უკრაინა პირველ ექვს თვითმფრინავს გაზაფხულის მიწურულს მიიღებს, კიდევ 13 „ეფ-16“ კი უკრაინაში 2025 წლის ბოლომდე გამოჩნდება. სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების თარიღები ჯერ არ განუსაზღვრავთ.