„ნიუ იორკ თაიმსი“ - უკრაინისთვის გამოყოფილი აშშ-ის სამხედრო დახმარება ცუდად კონტროლდებოდა
უკრაინისთვის გამოყოფილი აშშ-ის სამხედრო დახმარება ცუდად კონტროლდებოდა, – ამის შესახებ სტატიას „ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა ვერ შეძლეს, სწრაფად ან სრულად აღერიცხათ ფრონტზე გაგზავნილი თითქმის 40 000 ერთეული იარაღი.
სტატიის მიხედვით, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რაკეტები, „კამიკაძე“ უპილოტო აპარატები და ღამის ხედვის სათვალეები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში გაგზავნა, ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ სათანადოდ ვერ კონტროლდებოდა, რაც აჩენს შეშფოთებას, რომ ისინი შეიძლება მოიპარეს ან კონტრაბანდისტების ხელში მოხვდა.
გასული წლის ივნისის მონაცემებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა დაახლოებით 10 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა „ჯაველინი“, 2 500 „სტინგერის“ მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტა, 750 „კამიკაძე“ უპილოტო აპარატი, 430 საშუალო მანძილზე მოქმედი ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტა და 23 000 ღამის ხედვის სათვალე. აშშ-მა ასევე უზრუნველყო გამშვები ნაწილები „ჯაველინებისა“ და „სტინგერებისთვის“, რომლებიც უნდა ინახებოდეს საწყობებში რაკეტების გასროლის შემდეგაც კი.
ანგარიშში ასევე წერია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ იარაღი არასწორად გამოიყენეს მას შემდეგ, რაც ისინი გადაიტანეს აშშ-ის სამხედრო ლოგისტიკურ ცენტრში პოლონეთში ან შემდგომ – უკრაინის ფრონტზე.