„ნიუ იორკ თაიმსი“ - ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, – ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიული საზღვრები, სავარაუდოდ, სამხედრო მოქმედებების შედეგად იქნება განსაზღვრული, ხოლო სავარაუდო მოლაპარაკებებზე ქვეყნის ინტერესების დაცვა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გარანტიები იქნება უზრუნველყოფილი, რათა ცეცხლის შეწყვეტა სანდო იყოს.
„ტერიტორიული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვანია. პირველი საკითხი არის უსაფრთხოების გარანტიები“, – განუცხადა ამერიკულ გამოცემას უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
ანონიმური უკრაინელი მაღალჩინოსნით თქმით, კიევისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დადგენილი ხაზი არ უშლიდეს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენას. ასევე გადამწყვეტი იქნება დემილიტარიზებული ზონის სიგანე.
თავის მხრივ, უკრაინის უშიშროების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანი რომან კოსტენკო აცხადებს, რომ „უკრაინისთვის მეტად და ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები არ არსებობს“.
კოსტენკოს თქმით, კიევი არ დათმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ადრე უკრაინის ოფიციალური პირები დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს მშვიდობიანი დარეგულირების სანაცვლოდ არ დათმობენ, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ კიევი უსაფრთხოების გარანტიებს, სულ მცირე, ისეთსავე ყურადღებას უთმობს, რამდენსაც იმას, სად გაივლის გამყოფი ხაზი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში.