ომი უკრაინაში რთულდება და ამერიკა მზად არ არის, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“.
როგორც გამოცემის სარედაქციო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სენატმა ხუთშაბათს დაამტკიცა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის საგანგებო დახმარების პაკეტი, თუმცა ვინაიდან ხარჯებს ხმამაღლა აკრიტიკებს იზოლაციონისტი-რესპუბლიკელების მცირე ჯგუფი და ომი შედის ახალ და რთულ ფაზაში, არ არის გარანტირებული ორპარტიული მხარდაჭერის გაგრძელება.
სტატიის თანახმად, ცოტა ხნის წინ, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა გააფრთხილა სენატის შეიარაღებლი ძალების კომიტეტი, რომ მომდევნო რამდენიმე თვე შესაძლოა, ცვალებადი იყოს. მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი შესაძლოა, განვითარდეს უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად ესკალაციური ტრაექტორიით, იმის გაზრდილი ალბათობით, რომ რუსეთი შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქროს.
სტატიის მიხედვით, განსაკუთრებული ხარჯების და სერიოზული საფრთხეების ფონზე, კიდევ არის ამ კონფლიქტში აშშ-ის ჩართულობის გაგრძელებასთან დაკავშირებული ბევრი კითხვა, რომლებზეც პრეზიდენტ ბაიდენს ამერიკული საზოგადოებისთვის პასუხი არ გაუცია.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, მარტში „ნიუ იორკ თაიმსის“ სარედაქციო საბჭო ამტკიცებდა, რომ აშშ-სა და მისი მოკავშორეებისგან გზავნილი უკრაინელებისა და რუსებისადმი უნდა იყოს შემდეგი: არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი იქნება საჭირო, უკრაინა იქნება თავისუფალი. უკრაინა იმსახურებს მხარდაჭერას რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ და აშშ უნდა ჩაუდგეს თავის ნატოელ მოკავშირეებს სათავეში პუტინისთვის იმის საჩვენებლად, რომ ატლანტიკურ ალიანსს სურს და შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს მის რევანშისტულ ამბიციებს. ეს მიზანი ვერ შეიცვლება, თუმცა კვლავ ამერიკის საუკეთესო ინტერესებში არ შედის რუსეთთან ყოვლისმოცმველ ომში ჩართვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულმა მშვიდობამ უკრაინისგან შეიძლება, მოითხოვოს გარკვეული რთული გადაწყვეტილებების მიღება. ამ ომში აშშ-ის მიზნები და სტრატეგია რთული ამოსაცნობი გახდა, ვინაიდან მისიის პარამეტრები, როგორც ჩანს, შეიცვალა.
„მაგალითად, ცდილობს თუ არა აშშ ამ კონფლიქტის დასრულების ხელშეწყობას დარეგულირების საშუალებით, რომლითაც გათვალისწინებულია სუვერენული უკრაინა და აშშ-სა და რუსეთს შორის გარკვეული სახის ურთიერთობები? ან ცდილობს თუ არა აშშ ახლა რუსეთის სამუდამოდ შესუსტებას? შეიცვლება თუ არა ადმინისტრაციის მიზანი ვლადიმერ პუტინის დესტაბილიზაციით ან მისი გადაყენებით? აპირებს თუ არა აშშ ვლადიმერ პუტინის, როგორც სამხედრო დამნაშავის, პასუხისგებაში მიცემას? თუ მიზანი არის უფრო ფართო ომის თავიდან აცილება და თუ ეს ასეა, როგორ მიიღწევა ეს, რუსების მკვლელობისთვის და მათი ერთ-ერთი ხომალდის ჩასაძირად აშშ-ის სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შესახებ ყვირილით?
ამ კითხვებზე პასუხის გარეშე, თეთრი სახლი რისკავს არა მხოლოდ უკრაინელების მხარდაჭერაში ამერიკელების ინტერესის დაკარგვით, არამედ ასევე საფრთხეს უქმნის ევროპულ კონტინენტზე გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას, – აღნიშნავს „ნიუ იორკ თაიმსის“ სარედაქციო საბჭო.
როგორც სტატიაში წერია, ამერიკელები შეძრული არიან უკრაინის ტანჯვით, თუმცა მოსახლეობის მხარდაჭერა ომისადმი, რომელიც აშშ-ის ნაპირებიდან შორს არის, უსასრულოდ არ გაგრძელდება. ინფლაცია უფრო დიდი საკითხია ამერიკელი ამომრჩევლებისთვის, ვიდრე უკრაინა და სავარაუდოდ შეფერხებები სურსათისა და ენერგეტიკის გლობალურ ბაზრებზე გაძლიერდება.
სტატიის მიხედვით, ამჟამად კონფლიქტში არის გაურკვეველი მომენტი, რაც შესაძლოა, განმარტავდეს იმას, თუ რატომ არ სახავს პრეზიდენტი ბაიდენი და მისი კაბინეტი მკაფიო მიზანს. შესაბამისად, ბატონი ბაიდენისთვის არის კიდევ უფრო მეტი მიზეზი იმისა, რომ ნოემბრამდე დიდი ხნით ადრე ამერიკელი ამომრჩევლები დაარწმუნოს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნიშნავს მხარდაჭერას დემოკრატიული ღირებულებების, ქვეყნების უფლების, დაიცვას საკუთარი თავი აგრესიისგან, მაშინ, როდესაც მშვიდობა და უსაფრთხოება არის ამ ომის იდეალური დასასრული.
„მაცდურია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გასაოცარი წარმატების განხილვა როგორც ნიშანისა, რომ მნიშვნელოვანი ამერიკული და ევროპული დახმარებით, უკრაინა ახლოს არის რუსეთის ინტერვენციამდელ პოზიციებზე გაძევებასთან, თუმცა ეს არის საშიში ვარაუდი“, – წერია მასალაში.
სტატიის ავტორები „არარეალისტურ მიზანს“ უწოდებენ რუსეთზე უკრაინის მტკიცე სამხედრო გამარჯვებას, სადაც უკრაინა დაიბრუნებს ყველა ტერიტორიას, რომელიც რუსეთმა 2014 წლის შემდეგ მიიტაცა. როგორც სტატიაში წერია, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის დაგეგმვა და ბრძოლა გასაოცრად დაუდევარი იყო, რუსეთი ზედმეტად ძლიერი რჩება და ბატონმა პუტინმა ზედმეტად ბევრი პირადი პრესტიჟი ჩადო ინტერვენციაში, რომ უკან დაიხიოს.
„ნიუ იორკ თაიმსის“ რედაქტორთა საბჭო მიიჩნავს, რომ ამ ომში აშშ და ნატო უკვე არიან ღრმა ჩართულები სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, არარეალისტურმა მოლოდინებმა კი შესაძლოა, ისინი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრიოს ამ ძვირადღირებულ და გაჭიანურებულ ომში.
„რუსეთს, რამდენადაც დაზარალებული და უუნარო არ უნდა იყოს ის, მაინც შეუძლია, უკრაინას მიაყენოს აღუწერელი ნგრევა და კვლავ წარმოადგენს ბირთვულ სუპერსახელმწიფოს ნაწყენი, არამდგრადი დესპოტით, რომელიც არ იჩენს განსაკუთრებულ მიდრეკილებას მოლაპარაკებების გზით დარეგულირებისკენ. როგორც ჩანს, უკრაინა და რუსეთი ახლა ისე შორს არიან ერთმანეთისგან, როგორც არასდროს სამთვიანი ომის განმავლობაში“, – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონიდან ბოლო მეომრული განცხადებები შეიძლება, მხარდაჭერის განცხადებები იყო, თუმცა ისინი მოლაპარაკებებს არ აახლოებენ.
„საბოლოოდ სწორედ უკრაინელებმა უნდა მიიღონ რთული გადაწყვეტილებები: სწორედ ისინი არიან, ვინც იბრძვიან, იღუპებიან და სახლებს კარგავენ რუსეთის აგრესიის გამო, სწორედ ისინი არიან, ვინც უნდა გადაწყვიტოს, როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს ომის დასასრული. თუ კონფლიქტი მივა რეალურ მოლაპარაკებებამდე, უკრაინელი ლიდერები იქნებიან, ვისაც მოუწევთ მტკივნეული ტერიტორიული გადაწყვეტილებების მიღება, რასაც ნებისმიერი კომპრომისი ითხოვს. აშშ-მა და ნატო-მ აჩვენეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინის ბრძოლას საკმარისი იარაღით და სხვა საშუალებებით. და როგორც არ უნდა დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები, აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ უკრაინის აღდგენის დასახმარებლად, თუმცა ვიდრე ომი გრძელდება, ბატონმა ბაიდენმა ასევე მკაფიოდ უნდა გააგებინოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მის ხალხს, რომ არსებობს ზღვარი იმისა, თუ რამდენად შორის წავლენ აშშ და ნატო რუსეთთან კონფრონტაციაში, ასევე იმ იარაღის, ფულის და პოლიტიკური მხარდაჭერის ზღვარი, რომელთა მობილიზება მათ შეუძლიათ. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებები დაფუძნებული იყოს მისი საშუალებების რეალურ შეფასებაზე, ასევე იმის შეფასებაზე, კიდევ რამდენი ნგრევის გაძლება შეუძლია უკრაინას. ამ რეალობის წინაშე აღმოჩენა შეიძლება, მტკივნეული იყოს, თუმცა ეს არ არის დამშვიდება. ამის გაკეთება მთავრობის ვალდებულებაა და არა ილუზიური „გამარჯვების“ დევნა. რუსეთი იგრძობს იზოლაციის და დამასუსტებელი სანქციების ტკივილს მომავალი წლების განმავლობაში და ბატონი პუტინი ისტორიაში შევა, როგორც „ყასაბი“. ახლა გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ეიფორიის თავიდან მოშორება, დაცინვის შეწყვეტა და მისიის განსაზღვრასა და შესრულებაზე ფოკუსირება. ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის 21-ე საუკუნის მსოფლიოში მისი ადგილის გამოცდა და ბატონ ბაიდენს აქვს შესაძლებლობა და ვალდებულება, განსაზღვროს ის“, – ნათქვამია სტატიაში.