„ნიუ იორკ თაიმსი“ - რუსეთმა მოახერხა სანქციების დაძლევა და სარაკეტო წარმოების გაფართოება, უფრო მეტ რაკეტას აწარმოებს, ვიდრე 2022 წლამდე აწარმოებდა
„ნიუ იორკ თაიმსი“ აშშ-ის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა მოახერხა სანქციების ზეწოლის დაძლევა და ახლა უფრო მეტი რაკეტის წარმოება შეუძლია, ვიდრე ომის დაწყებამდე აწარმოებდა.
„აშშ-ის, ევროპისა და უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა მოახერხა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის დაძლევა და სარაკეტო წარმოების გაფართოება, რაც უკრაინას განსაკუთრებით დაუცველს გახდის მომდევნო თვეებში გაზრდილი თავდასხმების მიმართ “, – წერს გამოცემა.
აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, სანქციებმა აიძულა რუსეთი, მკვეთრად შეემცირებინა რაკეტებისა და სხვა იარაღის წარმოება 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისას, სულ მცირე, ექვსი თვით, თუმცა 2022 წლის ბოლოსთვის მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო წარმოებამ კვლავ დაიწყო წარმოება ჩქარი ტემპით.
გამოცემა წერს, რომ რუსეთი, კონტრაბანდის ფართო ქსელის მეშვეობით, იღებს მწირ კომპონენტებს მესამე ქვეყნებიდან, როგორიცაა სომხეთი და თურქეთი. ამერიკელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ რუსული რაკეტების წარმოების გაზრდამ შესაძლოა, შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე მეტი თავდასხმა გამოიწვიოს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დასავლეთის ქვეყნებს უჭირთ, დახურონ ყველა გზა სანქციების გვერდის ასავლელად, თავად საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე.
„აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი პრობლემაა, რომ რუსეთს არ სჭირდება მაღალტექნოლოგიური ჩიპები, რომელთა თვალყურის დევნება უფრო ადვილია, არამედ კომერციული ჩიპები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ მართვად რაკეტებში, არამედ უფრო ფართო სპექტრში“, – ნათქვამია გამოცემაში.
დასავლელი ოფიციალური პირები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთმა გააორმაგა ჭურვების წარმოება წლიურად ორ მილიონამდე, რაც იმაზე მეტია, ვიდრე აშშ-სა და ევროპას შეუძლიათ, აწარმოონ.