„ნიუ იორკ თაიმსი“ - პუტინმა საბჭოთა იმპერიის დაშლა გეოპოლიტიკურ კატასტროფად გამოაცხადა და ცოტა ელოდებოდა მისგან რაიმე მოქმედებას ამ კუთხით, თუმცა შემდეგ იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია
„ნიუ იორკ თაიმსი“ - პუტინმა საბჭოთა იმპერიის დაშლა გეოპოლიტიკურ კატასტროფად გამოაცხადა და ცოტა ელოდებოდა მისგან რაიმე მოქმედებას ამ კუთხით, თუმცა შემდეგ იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა იმპერიის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად გამოაცხადა და იმ დროს ცოტა ელოდებოდა მისგან რაიმე მოქმედებას ამ კუთხით, თუმცა შემდეგ იყო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია საქართველოში, – ამის შესახებ აღნიშნულია „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში.

სტატიის თანახმად, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მხარი დაუჭირა უკრაინელ სეპარატისტებს და განახორციელა ყირიმის ანექსია 2014 წელს, მთავარი კი 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრაა.

„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ახლა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღზევებასთან ერთად, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიმუქრა, რომ არასოდეს დაეხმარება თავის მოკავშირეებს, ევროპულ ქვეყნებში მატულობს შეშფოთება, რომ პუტინი, შესაძლოა, შეიჭრას ნატო-ს ქვეყანაში მომავალი ათწლეულის განმავლობაში და მათ, შესაძლოა, მოუწიოთ მის ძალებთან დაპირისპირება აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე.

გამოცემის თანახმად, ზოგიერთი ოფიციალური პირისა და ექსპერტის აზრით, ეს შეიძლება მოხდეს უკრაინაში ომის დასრულებიდან, სულ მცირე, ხუთ წელიწადში და ეს საკმარისი დრო იქნება მოსკოვისთვის არმიის აღსადგენად, გადაიარაღებისთვის. ესტონეთის არმიის სახმელეთო დივიზიის ხელძღვანელი, ვეიკო-ველო პალმი ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ნატო-ს ბევრი წევრი სახელმწიფო არ არის მზად რუსეთთან ფართომასშტაბიანი ოპერაციების ჩასატარებლად.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, წუხილი იმის გამო, რასაც ექსპერტები პუტინის იმპერიულ ამბიციებს უწოდებენ, დიდი ხანია, არის იმ სახელმწიფოების ფსიქიკის ნაწილი, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს ან არასასიამოვნოდ ახლოს არიან.