„ნიუ იორკ თაიმსის“ სტატია - დასავლეთმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ჩინეთთან კონტრაქტი გააპროტესტა, თუმცა აღიარებენ, რომ დასავლური ბიზნესი თანხის დაბანდებისთვის მზად არ იყო
„ნიუ იორკ თაიმსის“ სტატია - დასავლეთმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ჩინეთთან კონტრაქტი გააპროტესტა, თუმცა აღიარებენ, რომ დასავლური ბიზნესი თანხის დაბანდებისთვის მზად არ იყო

ევროპა ცდილობს, რუსეთის გვერდის ავლით, აზიისკენ ახალი სატრანსპორტო მარშრუტები განავითაროს: თუ გსურს ირანის გვერდის ავლაც, კავკასია ერთადერთი გზაა, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაშია ნათქვამი სახელწოდებით „ამ ქვეყანამ დასავლეთს ზურგი აქცია და ის უკან აღარ ბრუნდება“.

სტატიის ავტორი ჯოშუა კუცერა აღნიშნავს, რომ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირი ზრდის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვას, რომელიც საქართველოს გავლით ევროპისკენ მიდის და აფინანსებს უზარმაზარ ახალ ელექტროკაბელს საქართველოდან რუმინეთამდე, შავი ზღვის ფსკერზე.

„სწორედ მაშინ, როდესაც ევროპას საქართველო უფრო მეტად სჭირდება, საქართველოს, როგორც ჩანს, დასავლეთი ნაკლებად სჭირდება. მთავრობამ ახლახან შავ ზღვაზე მნიშვნელოვანი პორტის მშენებლობის კონტრაქტი ჩინურ კონსორციუმთან გააფორმა, ჩინეთის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ გააპროტესტეს ასეთი სტრატეგიული პროექტის ჩინეთისთვის ჩაბარება, მაგრამ კერძო საუბრებში დიპლომატები აღიარებენ, რომ არცერთი დასავლური ბიზნესი არ იყო მზად საჭირო თანხების დაბანდებისთვის. რვა წლის შემდეგ, რაც საქართველომ სავაჭრო შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, ვაჭრობა ევროპასთან, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-თან ვაჭრობაზე, შედარებით შეზღუდულია და ამ კუთხით საქართველოს საზღვრებთან უფრო ახლოს მდებარე ქვეყნები დომინირებენ. რეგიონის მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველომ ეკონომიკური სარგებელი ნახა რუსეთის დასავლური ბაზრებიდან იზოლაციით, რუსეთში ავტომობილების რეექსპორტითა და რუსი ემიგრანტების მიერ წამოწყებული ახალი ბიზნესების მასპინძლობით. როგორც ჩანს, ამ მოვლენებმა „ქართული ოცნება“ დაარწმუნა, რომ, დასავლეთისადმი უცვლელი ერთგულების ნაცვლად, მას შეუძლია, დასავლეთთან უფრო ტრანზაქციული ურთიერთობა ჰქონდეს და რომ საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა შეიძლება საკმარისი იყოს, რათა ვაშინგტონმა და ბრიუსელმა თვალი დახუჭონ როგორც მის მზარდ დაუმორჩილებლობაზე, ისე მის სწრაფ გადახრაზე ავტოკრატიისკენ. პარტია, შეიძლება, გადაჭარბებულად აფასებს თავის გავლენას, მაგრამ უდავოა, რომ ქვეყანას დღეს იმაზე მეტი არჩევანი აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონდა“, – ნათქვამია სტატიაში.