„ნიუ იორკ თაიმსი“ - ათ წელიწადზე მეტია, რუსეთი ეპიდემიების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ათ წელიწადზე მეტია, ეპიდემიების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კრემლი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს ყალბი ამბების გავრცელებით აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს მიმართ უნდობლობა გაზარდოს.
ჟურნალისტების ცნობით, რუსეთი ავრცელებდა დეზინფორმაციას ე.წ. ღორის გრიპის, ასევე ებოლას შესახებ და ახლა „კოვიდ-19“-ის შემთხვევაშიც ანალოგიურად იქცევა.
„ნიუ იორკ თაიმსი“ მიიჩნევს, რომ ამ კამპანიის ინიციატორი ვლადიმერ პუტინია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ „ცივი ომის“ პერიოდში საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახური შიდსს რასობრივ იარაღს უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ ეს დაავადება ამერიკელმა სამხედროებმა ფერადკანიანი მოქალაქეების გასანადგურებლად შექმნეს. რუსეთმა საბჭოთა კავშირის შემდეგ აღიარა, რომ ეს ინფორმაცია ყალბი იყო.
2009 წლის ივნისში, კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ ეთერში რამდენჯერმე გამოვიდა ამერიკელი ჟურნალისტი, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, უეინ მედსენი, რომელიც ამტკიცებდა რომ ე.წ. ღორის გრიპი ამერიკულ სამხედრო სამეცინიერო ლაბორატორიაშია შექმნილი.
2014 წელს ლიბერიულმა გაზეთმა გაავრცელა ცნობა, რომ ვირუსი ებოლა აშშ-ის ბიოლოგიური იარაღია და ვირუსის გავრცელების მიზანია, რომ აშშ-მა აფრიკის კონტინენტზე სამხედრო დომინირებას მიაღწიოს. ანალოგიური შინაარსის რეპორტაჟი აჩვენა რუსულმა ტელეკომპანია „რაშა თუდეიმ“.
ნიუ იორკ თაიმსის ცნობით, ეპიდემიების შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიებში მონაწილეობენ რუსეთის „ტროლებიც“, რომელბიც ებოლას ეპიდემიის დროს ყალბ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებდნენ.
გამოცემა ამტკიცებს, რომ რუსეთი ასევე ცდილობს, აშშ-ის მოქალაქეებზე ზემოქმედებას, რათა მათ ვაქცინებისა და აცრების მიმართ უნდობლობა გაუჩნდეთ.
„რუსეთის ფედერალური მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ცნობას, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევს“ – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.
ამერიკული გაზეთთან ინეტრვიუში ექსპერტები აცხადებენ, რომ მოსკოვის მიზანს, დასავლეთის ქვეყნების საზოგადოების უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა წარმოადგენს.
„კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შიდსის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შედეგად, აშშ-ის აფროამერიკელი მოქალაქეების უმეტესობა სამკურნალო დაწესებულებებს აღარ მიმართავდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.