„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-მა მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ მონაცემები რუსეთს სრულად არ გადასცა, რადგან საკუთარი წყაროს გამჟღავნებას მოერიდა
აშშ-მა მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ მონაცემები რუსეთს სრულად არ გადასცა, რადგან საკუთარი წყაროს გამჟღავნებას მოერიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მტრულმა ურთიერთობებმა არ მისცა საშუალება აშშ-ს, მოსკოვისთვის მიეწოდებინა ტერაქტის შესახებ რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია, გარდა იმ ცნობებისა, რომელთა გაზიარებაც საჭირო იყო. ეს იმ საფრთხის გათვალისწინებით მოხდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას შეეძლო, ამოეცნო წყაროები ან დაზვერვის მეთოდები“, – წერს გავლენიანი ამერიკელი გამოცემა.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთმა აშშ-ისგან 48 საათის განმავლობაში მოსალოდნელი ტერაქტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მიიღო. სავარაუდოდ, მოსკოვში ყურადღება მიაქციეს დროს და როდესაც დროის ეს მონაკვეთი დასრულდა, ვაშინგტონის გაფრთხილებამ კრემლში უნდობლობა გამოიწვია.
„ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიას უკვე გამოეხმაურნენ კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მან სტატიაში მოცემული ინფორმაციის შესახებ არაფერი იცის.
ცნობისთვის, 7 მარტს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ექსტრემისტები უახლოეს ხანში გეგმავენ თავდასხმას მოსკოვში მასობრივი შეკრების ადგილებზე, მათ შორის კონცერტებზე და მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, მოერიდონ ხალხმრავლობას“. უკვე ტერაქტის შემდეგ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურის უფროსმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს რუსეთის მხარე ტერაქტის მზადების შესახებ, თუმცა ეს იყო ზოგადი ინფორმაცია, რომელიც იმ მომენტში არ დადასტურდა.
ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში 22 მარტს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმას 143 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთში განაცხადეს, რომ დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი უშუალო შემსრულებელია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.