„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ის დაზვერვის სამსახურები მოკავშირეებს აფრთხილებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის თავიდან ასაცილებლად ცოტა დრო რჩება
აშშ-ის დაზვერვის სამსახურები მოკავშირეებს აფრთხილებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის თავიდან ასაცილებლად ცოტა დრო რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ამერიკელი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რას აპირებს უკრაინის საზღვართან მობილიზებულ ჯარებთან დაკავშირებით, თუმცა აშშ ამ მოცემულობას სერიოზულად იღებს.
გაზეთის ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი მიმდინარე კვირაში ბრიუსელში ჩავიდა და ნატო-ს ელჩებს რუსეთის შესაძლო აგრესიულ მოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ამერიკული გამოცემის თანახმად, აშშ სადაზვერვო ინფორმაციას ასევე უზიარებს უკრაინას.
19 ნოემბერს აშშ-ის და უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელებმა, მარკ მილიმ და ვალერი ზალუჟნიმ სასაზღვრო ზონაში რუსეთის მოქმედებებზე ისაუბრეს. „ნიუ იორკ თაიმსი“ ამერიკულ და ბრიტანულ სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლის დასამყარებლად სამხედრო მოქმედებების ჩატარებას განიხილავს.