„ნიუ იორკ პოსტი“ - ენტონი ბლინკენი მოუწოდებს თანამშრომლებს, საუბრისას შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ გამოთქმებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს თანამშრომლებს, საუბრისას გენდერულად ნეიტრალური ტერმინები გამოიყენონ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ „გენდერი სოციალური კონსტრუქციაა და კონკრეტული პირის გენდერული იდენტობა, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ადამიანის დაბადებისას დაფიქსირებულ სქესს“.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ურჩევს თანამშრომლებს, შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ ტერმინებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“ , „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი“, „ქალბატონებო და ბატონებო“ და მათ ნაცვლად გამოიყენონ ტერმინები „მშობელი“, „პარტნიორი“, „შვილი“, „თქვენ ყველა“, „მეგობრებო“.
ამასთან, ბლინკენის უწყების მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, „ადამიანის გენდერის დადგენა მისი სახელის მიხედვით, შესაძლოა, „პრობლემური“ იყოს და ამიტომ ის მოუწოდეს თანამშრომლებს, ელექტრონულ ფოსტაში და შეხვედრების წინ დააფიქსირონ მაიდენტიფიცირებელი ნაცვალსახელები, რომლითაც მათ უნდა მიმართონ, რათა თავიდან იყოს აცილებული გაუგებრობა“.
„საუბრისას ნუ იტყვით მამაცი კაცები და ქალები, არამედ გამოიყენეთ უფრო ზოგადი ტერმინები, როგორიცაა, მაგალითად, „მამაცი სამხედროები“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში „ნიუ იორკ პოსტის“ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.