ნინოწმინდის სოფელ საღამოში იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის მინაშენის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში მიმდინარე წელს დასრულდა იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის მინაშენის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სააგენტოს ინფორმაციით, კომპლექსური სარესტავრაციო პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში ეკლესიის უკიდურესად დაზიანებულ და დეფორმირებულ არქიტექტურულ ნაწილზე, რომელსაც სახურავი და კამარა ჩამოშლილი ჰქონდა, საყრდენ კედელზე მოეწყო ყურებეტონის საძირკველი.
ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში პროექტის ავტორისა და არქეოლოგის ზედამხედველობით გაწმენდილი და გადარჩეული, სუფთად თლილი ახალი ქვებით აღდგა მინაშენის საყრდენი კედელი, რომელზეც საპირე წყობის ნაკერები კირდურაბით დეკორატიულად მოილესა. ნაგებობის კედლებზე, პილასტრებზე, კამარებზე და აფსიდაზე გადაეწყო და კირხსნარით დამაგრდა მორყეული ქვები.
სუფთად თლილი ქვით რესტავრირდა მინაშენის ინტერიერის კედლები. მრუდხაზოვანი ქვებით აღდგა კამარისა და კონქის საპირე წყობები.
მინაშენის დასავლეთ სამლოცველოზე და აღმოსავლეთის მხარის მოცულობაზე სახურავი გადაიხურა ლორფინით. არქიტექტურული პროექტის თანამედროვე ჩანართის სახით, ნაგებობის შუალედური სივრცე მართკუთხა კვეთის რკინის მილების კონსტრუქციაზე მოწყობილი 10 მმ-იანი ნაწრთობი მინით დაიხურა.
ეკლესიის ინტერიერში არქეოლოგიური ზედამხედველობით 20 სმ-ის სიმაღლეზე მოჭრილი გრუნტის სიბრტყეზე აბულის თლილი ქვით მოეწყო ახალი იატაკი.
საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის პირველ ეტაპზე სრულად რესტავრირდა ეკლესიის მთავარი დარბაზი, რომლის სამუშაოები 2018 წელს დასრულდა.
არქიტექტურული ნაგებობის ჯამურმა სარეაბილიტაციო ღირებულებამ 178 900 ლარი შეადგინა.