ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელიც ესწრება
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, საპატრიარქოსა და ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენის“ წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრაზე პანსიონში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა, ამ ეტაპზე პანსიონატში რჩება 29 ბავშვი.
„ჩვენ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ჩამოვედით აქ, რომ ვიმსჯელოთ პანსიონატში არსებულ მდგომარეობაზე, ვნახოთ არსებული, შევაფასოთ და განვიხილოთ სამომავლო გეგმები პანსიონატში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით. ჩვენი საერთო ინტერესი ბავშვია, მისი საუკეთესო ინტერესის დაცვა და მისთვის საუკეთესო მომავლის შექმნა. ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ოჯახი, ოჯახური გარემო, ინტეგრაცია და ინტეგრაცია არ არის მარტივი პროცესი. აუცილებელია, ეს პროცესი იყოს კარგად დაგეგმილი, რომ იყოს ბავშვისა და ოჯახის მზაობა. ამ ეტაპზე იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ. ყველა ბავშვს არ შეიძლება ერთი და იგივე დავუგეგმოთ და ცალსახად დღეს მოჭრით ვთქვათ, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი. ბავშვების გარკვეული რაოდენობა უკვე გადაყვანილია. აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, საერთაშორიო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შემიძლია განვაცხადო, რომ აქ ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დახურვასა და გადაკეთებას რაც შეეხება, აქ ვართ ამიტომ შეკრებილები, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ვიმსჯელოთ. ამ ეტაპზე 29 ბავშვი რჩება პანსიონში“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
როგორც „ვორლდ ვიჟენის“ წარმომადგენელმა, მაია მეგრელიშვილმა განაცხადა, დღეს შედგება შეხვედრა, სადაც ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ.
„ჩემი მისია იყო დავკვირვებოდი პროცესებს. ამჟამად უწყებათაშორისი მიმართულება მიეცა ამ ყველაფერს, დღეს იქნება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ საკითხებს სხვადასხვა ორგანიზაციები. დახურვაზე და გაყვანაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა, მაგრამ დღევანდელი დღის მიზანია, ვისაუბროთ იმ ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებზე, რაც შეიძლება იყოს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში“, – განაცხადა მაია მეგრელიშვილმა.