ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის შეუფერხებელი ვიზიტის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის შეუფერხებელი ვიზიტის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, თვეზე მეტია, სახალხო დამცველს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი „ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში“ არ უშვებენ.
მათი თქმით, 7 მაისს გაერო-ს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება დაავალდებულა, პასუხისმგებლობა აეღო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელებაზე.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სახელმწიფო დღემდე არ უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს პრობლემის მოსაგვარებლად. მათივე თქმით, დღემდე უცნობია, რა მდგომარეობაში არიან ბავშვები, მაშინ როცა, არსებობს ეჭვი, რომ ბავშვები განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, ერთი მხრივ მთავრობამ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი პანსიონში, სადაც მათ ბავშვებთან ინდივიდუალურად გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემათ და მეორე მხრივ, დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონების დახურვა და ბავშვების ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ, ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში.
აქციას უერთდებიან: „ქალთა მოძრაობა“, მოძრაობა „სირცხვილია“, Tbilisi Pride და ფონდი „ფემინა“.
ამასთან, აქციის პარალელურად იმართება კონტრაქცია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა.