ნინო ზამბახიძე - კადრის გაზრდა ნამდვილად უნდა იყოს ბიზნესის ინტერესი
კადრის გაზრდა ნამდვილად უნდა იყოს ბიზნესის ინტერესი, – ასე უპასუხა „ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, უნდა იზრუნოს თუ არა ბიზნესმა კადრების განვითარებაზე.
მისივე თქმით, ჰქონდა მოლოდინი, რომ ძალიან ბევრი კვალიფიკაციაზე ორიენტირებული ახალგაზრდა კადრი წავიდოდა სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ისინი ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეისრუტა.
„იმიტომ, რომ ციფრული ტექნოლოგიების გადამხდელუნარიანობა ძალიან დიდია და ეს არ არის კონკურენცია ადგილობრივად. მათთვის საერთაშორისო ბაზარი გაიხსნა და სხვადასხვა უცხოური ორგანიზაცია ჩამოდის, ან ონლაინ უკვეთავს ამ ახალგაზრდებს ისეთ ცოდნას, რომელიც მათთვის უფრო მარტივად დასაუფლებელია, იგივე კომპიუტერის მეშვეობით ალგორითმის დაწერა იქნება ეს, თუ სხვადასხვა პლატფორმის შემუშავება. ძალიან დიდი რაოდენობით ახალგაზრდა საქმდება ციფრულ ტექნოლოგიებში და ისინი ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის ძალიან მაღალ ხელფასს იღებენ. იმიტომ, რომ დამკვეთი არის მსოფლიოს გიგანტი ორგანიზაციები. ამ გიგანტ ორგანიზაციებს ბარიერი საერთოდ მოხსნილი აქვთ მათთან კომუნიკაციის, რაც ძალიან კარგია, რადგან ქართველი ახალგაზრდები ძალიან სერიოზულ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ამავდროულად ვხედავთ, რომ ადგილობრივ ბიზნესს სჭირდება კადრი და ვერ ავსებს“, – განაცხადა ზამბახიძემ.
შეკითხვაზე, ვის და სად უნდა მიმართონ სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველმა მოქალაქეებმა, ნინო ზამბახიძემ აღნიშნა, რომ ბიზნესს ნამდვილად სჭირდება მაღალკვალიფიციური კადრები და მათი დასაქმება პრობლემას არ წარმოადგენს.
„მომმართონ და გარანტიას ვაძლევ, დასაქმდებიან. იმიტომ, რომ უამრავი საწარმოა შექმნილი და იხვეწებიან მაღალკვალიფიციურ კადრს“, – განაცხადა ზამბახიძემ.
როგორც „ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, მართლაც პარადოქსია, რომ ბიზნესის სხვადასხვა სფეროში უამრავი ვაკანსია ცხადდება და ყველა კადრს ითხოვს, დასაქმების ფორუმებზე კი ხალხი არ არის.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ფორმით შეიძლება, დაეხმაროს ბიზნესს სახელმწიფო, ნინო ზამბახიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, სწორი კომუნიკაცია არსებობდეს, იგივე შრომის უსაფრთხოებიდან, პროფესიული კადრების დეფიციტიდან გამომდინარე და ა.შ.
„მე არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც მომხრეა, რომ სახელმწიფომ დახმარებები გაუწიოს ბიზნესს. პირიქით, ბიზნესზე დგას სახელმწიფო და თუ ბიზნესი ვერ იმუშავებს, სახელმწიფოც ქმედითუუნარო იქნება. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორი კომუნიკაცია არსებობდეს, იგივე შრომის უსაფრთხოებიდან, პროფესიული კადრების დეფიციტიდან გამომდინარე და ა.შ. აი, მაგალითად, დღეს რომ აქ ვსხედვართ, გვგონია, ამაზე მეტი რა უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ადამიანთა დიდი რაოდენობა გაოცებულია, როგორ, მე სამსახური მინდა და სად შეიძლება, ეს სამსახური ვიპოვოო. კიდევ უფრო რთული ვითარებაა რეგიონში. როდესაც ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ხმა მივაწვდინეთ, იქ ნახავთ უამრავ ძალიან მოტივირებულ ადამიანს, რომელიც ამბობს, რას ლაპარაკობთ, პირველად მესმისო. ანუ, არის ინფორმაციის დეფიციტი და ვფიქრობ, ცალკეულად ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, ვერც კერძო სექტორი, ვერც არასამთავრობო სექტორი, ვერც დონორი და ვერც სხვა, თუ ერთად არ ვიზრუნეთ ამ პრობლემაზე. იმიტომ, რომ თუ ბიზნესს კვალიფიციური კადრი არ ეყოლება, ამ ქვეყანაში ვერც გადასახადის გადამხდელი შეიქმნება და ვერც სახელმწიფო იარსებებს“, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.