გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პარლამენტს კანონპროექტების რამდენიმე პაკეტი წარედგინება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პარლემენტს დღეს კანონპროექტების რამდენიმე პაკეტი წარედგინება.
როგორც ბრიფინგზე ნინო წილოსაბმა განაცხადა, ამ კუთხით ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ სამი საკანონმდებლო ინიციატივაა შექმნილი.
„საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციაზე. ამჯერად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ზემოაღნიშნულ 12 პუნქტთაგან კიდევ ერთ-ერთის შესრულების თაობაზე.
კერძოდ, საქართველომ უნდა მოახდინოს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებული კონსოლიდაცია. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ წარმართეს აქტიური სამუშაო პროცესი, რის შედეგადაც დღეს, ზემოაღნიშნული გეგმით განსაზღვრული ვადის დაცვით, შესაბამისი კანონპროექტების რამდენიმე პაკეტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
ეს არის სამი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ. ეს არის ინიციატივები, რომელთა მიხედვითაც:
1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ყველა საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას მათ წარმდგენებს გაუჩნდებათ კანონშემოქმედებითი ინიციატივების წინასწარ შეფასების ვალდებულება გენდერულ თანასწორობაზე მოსალოდნელი გავლენის მოხდენის კუთხით;
2. ცვლილება იქნება შეტანილი რამდენიმე საკანონმდებლო აქტში, რის მეშვეობითაც საკანონმდებლო დონეზე დადგინდება გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ როგორც თანაბარი სამართლებრივი შესაძლებლობის უზრუნველყოფა, არამედ მიზნად და ამოცანად განისაზღვრება ფაქტობრივი თანასწორობის მიღწევის სტიმულირება;
3. ცვლილებები განხორციელდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მარეგულირებელ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში, რომელთა მიხედვითაც გადაიდგმება ნაბიჯები ამ მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის, პრაქტიკის ჰარმონიზაციის მიმართულებით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ზოგადად, გენდერული თანასწორობა არ არის ერთი რეფორმის ფარგლებში მიღწევადი მიზანი. ამას მუშაობის უწყვეტად და ინტენსიურად გაგრძელება სჭირდება. შესაბამისად, ყველა დასახელებული მიმართულებით, ასევე სხვა მიმართულებებითაც დაგეგმილია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.
აღნიშვნას იმსახურებს, რომ კომიტეტი და გენდერული თანანსწორობის საბჭო კვლავაც გააგრძელებენ მუშაობას მაგალითად ფემიციდთან ბრძოლის მიმართულებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე, სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტებზე და შესაბამის სამოქმედო გეგმებზე. ცალკე აღვნიშნავთ, რომ კომიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო უახლოეს მომავალში განახორციელებს თემატურ მოკვლევას, რომლის მიზანიც იქნება სტამბულის კონვენციით გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი ცვლილებების სწორად დაგეგმვა. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სქესობრივი დანაშაულების შემადგენლობათა დახვეწასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საზოგადოება ინფორმირებული იქნება სრულად იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაიგეგმება და განხორციელდება რეალური გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად შენარჩუნდება. დაბოლოს, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ამ ინიციატივებზე მუშაობის პროცესში მონაწილე კოლეგებსა და პარტნიორებს. დიდი იმედი გვაქვს მათთან აქტიური თანამშრომლობისა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.