ნინო წილოსანი - თავზე ნაგვის დაყრა სამოქალაქო აქტივიზმის არც ერთ ნორმალურ ფორმას არ შეესაბამება, არ მეგულება ცივილიზებულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამ ქმედებას გაამართლებდა
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, ცივილიზებულად მოაზროვნე არც ერთი ადამიანი ვინმესთვის თავზე ნაგვის დაყრას არ გაამართლებს.
თუმცა, წილოსანის თქმით, პოლიტიკოსთა ნაწილი ამართლებს იმ მხარდამჭერთა საქციელს, რომელთა ქმედება გამოხატვის ყველანაირ თავისუფლებას სცდება.
„არ მეგულება ცივილიზებულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამ ქმედებას გაამართლებდა, თუმცა ვხედავთ, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ამართლებს იმ მხარდამჭერთა საქციელს, რომელთა ქმედება გამოხატვის ყველანაირ თავისუფლებას სცდება. მსგავს ფაქტს ნებისმიერ შემთხვევაში არ გავამართლებდი და დავგმობდი. თავზე ნაგვის დაყრა სამოქალაქო აქტივიზმის არც ერთ ნორმალურ ფორმას არ შეესაბამება, ეს ამ ფორმას სცდება. როგორც ამ, ასევე სხვა შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი რეაგირება ჰქონდათ და აქვთ. მომხრე ვარ, რომ იგივე რეაგირება იყოს ყოველთვის“, – აღნიშნა წილოსანმა.
23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებულმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.