ნინო წილოსანი სერგი კაპანაძეს - შემთხვევით, ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ გაქვთ?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის მისამართით პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსიდან ამონარიდი წაიკითხა.
„საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი ოჯახის წევრის ან ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის განმარტება შეგიძლიათ ნახოთ საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონში.
ასევე, პარლამენტის წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე, თავისი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდზე განათავსებს. ეთიკის კოდექსში ეს ჩანაწერი გამომდინარეობს იქედან, რომ საზოგადოება და ნებისმიერი დამსწრე ადამიანი საქმის კურსში იყოს პარლამენტის წევრის ინტერესების, მისი ემოციის და გამოხატული მოსაზრებების დამოკიდებულებების შესახებ. ამიტომ მინდა ვკითხო ჩემს კოლეგას, ბატონ სერგი კაპანაძეს, შემთხვევით, ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ გაქვთ?“- მიმართა ნინო წოლოსანმა სერგი კაპანაძეს.