ნინო წილოსანი - სენატორსა და კონგრესმენთან შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა, რათა დაგვეფიქსირებინა, რომ საქართველო დარჩება ძალიან საიმედო პარტნიორად აშშ-ისთვის
სენატორსა და კონგრესმენთან შეხვედრა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მყარი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ინტერესების მიმართ და ის, რომ საქართველო დარჩება ძალიან საიმედო პარტნიორად აშშ-ისთვის და ბოლომდე გაატარებს დასავლური ღირებულებების პრინციპს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ სენატორისა და კონგრესმენის განცხადებები, ნამდვილად არის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიზნების გამომხატველი.
„ძალიან თბილი შეხვედრა იყო. იმედი გვაქვს, ის განცხადებები, რომელიც ჩვენთან ინდივიდუალური შეხვედრის დროს თუ საერთო ფორმატში ითქვა სენატორისა და კონგრესმენის მხრიდან ნამდვილად არის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიზნების გამომხატველი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და, იმედი გვაქვს, რჩება ქართველის ხალხის ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერად. ქართველი ხალხის მხარდაჭერა გულისხმობს მათ მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების პატივისცემას და, თავისთავად, საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მხარდაჭერას. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში გვესაუბრა სენატორთანაც და კონგრესმენთანაც, მათ შორის, განგვეხილა ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება ონლაინ რეჟიმში არასწორად იყოს ინტერპრეტირებული ან არასწორად იყოს მიტანილი. ჩვენი მხრიდან ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მყარი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ინტერესებისა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ის, რომ საქართველო დარჩება ძალიან საიმედო პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ბოლომდე გაატარებს დასავლური ღირებულებების პრინციპს“, – განაცხადა წილოსანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, წილოსანმა აღნიშნა, რომ საუბარი არ ყოფილა.
„კანონთან დაკავშირებით არ ყოფილა საერთოდ საუბარი არცერთ ფორმატში, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ არის ეს ცნობილი. რაც შეეხება იმას, თუ რა იყო ჩვენი საუბრის ძირითადი თემა, ეს იყო საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენი პარტნიორული თანამშრომლობის უკეთესობისკენ წარმართვა“, – განაცხადა დეპუტატმა.
ნინო წილოსანმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკელ სტუმრებთან საუბარი შეეხებოდა 26 ოქტომბრის არჩევნების საკითხსაც.
„არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ დავაფიქსირეთ კიდევ ერთხელ, რომ ყველანაირი კვლევებით და გამოკითხვებით ქართველი ხალხი მნიშვნელოვნად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის იმედი გვაქვს. თავისთავად, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს, რომ სადამკვირვებლო მისიები იქნება თუ ყველა ის დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის აუცილებელი კომპონენტი, იყოს ამ არჩევნებზე. არჩევნები უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა ძალიან გამჭვირვალედ დაფიქსირდეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, საკუთარი არჩევანი და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და კონკურენტულ გარემოში“, – განაცხადა წილოსანმა.