ნინო წილოსანი - სადამკვირვებლო მისიები ამბობენ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, „ისფედის“ პარალელური დათვლის შედეგები არ ქვეყნდება, რადგან ცესკო-ს შედეგების სიზუსტეს ადასტურებს
ნინო წილოსანი - სადამკვირვებლო მისიები ამბობენ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, „ისფედის“ პარალელური დათვლის შედეგები არ ქვეყნდება, რადგან ცესკო-ს შედეგების სიზუსტეს ადასტურებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის განცხადებით, სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები ყველაზე კრიტიკულ შემთხვევაშიც კი ამბობენ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, ამომრჩეველს კენჭისყრაში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება ჰქონდა და ცესკო-ს გამართული მუშაობა აღიარეს.

წილოსანის თქმით, დამატებითი გამოძიება, რაზეც მიმდინარეობს საუბარი, იმის საწინააღმდეგო იქნება, ვიდრე ამ გამოძიების მსურველებს უნდათ, რომ გამოჩნდეს.

ამასთან, ნინო წილოსანი ამბობს, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არ აქვეყნებს ხმების პარალელური დათვლის შედეგებს, რადგან ამ შედეგებით დადასტურდება, რომ ცესკო-ს მონაცემები ზუსტია.

„ვერ ვიტყოდი, რომ მეთიუ მილერის განცხადება განსაკუთრებული კრიტიკის მატარებელი იყო. ოკეანის მიღმა „გამჭვირვალობის კანონზე“ ისეთი განცხადებები ვისმინეთ, რომ მასთან შედარებით ეს არაფერი იყო. დაანონსდა წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, დამატებით გამოძიებაზე მათი მოსაზრებები მათივე საწინააღმდეგო იქნება, რადგან დამატებითი გამოძიება იყო თუნდაც სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ყველაზე კრიტიკულ შემთხვევაშიც კი ამბობენ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, ამომრჩეველს კენჭისყრაში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება ჰქონდა და ცესკო-ს გამართული მუშაობა აღიარეს. საერთაშორისო აუდიტი სიების შესაბამისობას ადასტურებს მისული ამომრჩევლის რაოდენობასთან დაკავშირებით და ა.შ. მათივე მოფიქრებული დამატებითი გამოძიება იმის საწინააღმდეგო იქნება, ვიდრე მათ სურთ, რომ აღმოჩნდეს და გამოჩნდეს. ფაქტები „ქართული ოცნების“ დიდ უპირატესობას ადასტურებს, სურთ აღქმების შექმნა, რასაც ეს განცხადებებიც ემსახურება. ამ არჩევნების სამართლიანად და უტყუარად ჩატარების საუკეთესო დადასტურება „ისფედის“ „პივიტი“ იქნება, რომელიც არ ქვეყნდება. არ ქვეყნდება, რადგან „პივიტი“ ადასტურებს, რომ ცესკო-ს შედეგები ზუსტია“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა: „საქართველოში არჩევნების შედეგებზე საბოლოო შეფასება ჯერ არ გვაქვს, გვსურს, ვიხილოთ გამოძიება, კონსულტაციებს გავდივართ ევროპელ პარტნიორებთან, რომელმა ორგანომ შეიძლება გამოიძიოს“.