ნინო წილოსანი - რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოგვიწოდებს, ჩვენი მხრიდან ზუსტად პროვოკაციაზე წამოგება იქნება
ნინო წილოსანი - რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოგვიწოდებს, ჩვენი მხრიდან ზუსტად პროვოკაციაზე წამოგება იქნება

რუსეთმა აღადგინა პირდაპირი ფრენები, რაც მისი მხრიდან დაწესებული შეზღუდვა იყო, რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი თავად მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ომის შემდეგ, შესაბამისად, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, რუსეთის მხრიდან მის მიერ დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

„უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ, რა მოხდა – რუსეთმა აღადგინა პირდაპირი ფრენები, რაც მისი მხრიდან დაწესებული შეზღუდვა იყო, ეს არ გახლდათ საქართველოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვა. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რაც შეიძლება, ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის შეშფოთების საგანი იყოს, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი თავად მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ომის შემდეგ, შესაბამისად, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ ჩვენი მხრიდან სანქციების პროაქტიულად დაწესებას არ გავაკეთებთ და ვერ გავაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, თავად ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე. ნამდვილად გამიჭირდება კომენტარი რუსეთის მხრიდან მის მიერ დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც ძალიან თვალსაჩინო იქნება, ჩვენს მოქალაქეებს და ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გაუმარტივდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი და ფრენები“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, წილოსანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თუ ფიქრობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს პროვოკაცია, მაშინ ამ პროვოკაციაზე წამოგება არასწორია.

„პრეზიდენტის ბრიფინგიდან ერთი, რაზეც პოზიტიურად შემიძლია ვთქვა, არის მისი განცხადება, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან პროვოკაცია. ამიტომ თუ ფიქრობს, რომ პროვოკაციაა, ამ პროვოკაციაზე წამოყოლა, ასე ვთქვათ, ავარდნა და ჩვენი მხრიდან იმ პრინციპის დარღვევა, რომ ვერ ვუწესებთ სანქციებს, ამით პასუხის გაცემა არანაირ ჭკუასთან არ შეიძლება იყოს ახლოს. აქედან გამომდინარე, თუ ამ ჭრილში შევხედავთ ამ საკითხს და პროვოკაციად შევაფასებთ, ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ჩვენი მხრიდან ზუსტად პროვოკაციაზე წამოგებაა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.