ნინო წილოსანი - „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება კიდევ ერთი დეკლარირებაა, რომ ქალების გაძლიერების მიზანი შიდაპარტიულ პრიორიტეტს წარმოადგენს
ძლიერი ქალები საქართველოს ისტორიაა და საქართველო თანასწორობის ქვეყანაა. მაშინ როდესაც ქალი მეფე, მეოცე საუკუნის დასაწყისში პირველი პარლამენტარი ქალები, მტრის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი და უამრავი წარმატებული ქალი ჩვენი ისტორიის ნაწილია, ქალების გაძლიერებაზე ზრუნვა, კიდევ უფრო ლეგიტიმური მიზანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დეკლარირებაა, რომ ქალების გაძლიერების გაცხადებული მიზანი უკვე შიდაპარტიულ სტრატეგიასა და პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ადამიანი ყველა სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა და თუ ჩვენი მოსახლეობის 50 %-ზე მეტს წარმოადგენენ ქალები და ისინი განსაკუთრებული უნარების, შესაძლებლობების და მონაცემების არიან, ისინი უნდა მონაწილეობდნენ პროცესებში.
თქვენ, აქ მსხდომი ქალები და ასიათასობით სხვა ქალი, თქვენ-თქვენი მიმართულებებით წარმატების მაგალითი ხართ, მოტივაცია სხვებისთვის და სახელმწიფოსთვის რეალური შესაძლებლობა, რომ თქვენი ძალა და ენერგია იყოს გამოყენებული.
და როდესაც შესაძლებლობის განვითარებას განსაკუთრებული საფუძველი სჭირდება და როდესაც ქალების და კაცების თანაბარი შესაძლებლობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ დამატებითი შესაძლებლობები ამ ჩვენი უნარების განსავითარებლად.
დღეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება კიდევ ერთი დეკლარირება არის ჩვენი მხრიდან, რომ გაცხადებული მიზანი – ქალების გაძლიერების უკვე შიდაპარტიულ სტრატეგიასაც და პრიორიტეტს წარმოადგენს.
ჩვენ ამ ორგანიზაციაში კარებს ვხსნით, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ერთგული ძალიან მშრომელი და ძალიან მაგარი ქალისთვის და ასევე ყველა მხარდამჭერი ქალისთვის, ვინც იზიარებს იმ იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ატარებს.
ამ ორგანიზაციის დაფუძნებით ჩვენ ვეუბნებით ყველას, რომ ჩვენს რიგებშივე გავაძლიერებთ ქალებს, რომ მათ წარმატებას შევუწყობთ ხელს და გენდერული თანასწორობა იქნება ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი.
ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ რაოდენობა, ეს უნდა იყოს ქალების ჩართულობა და მათი შინაარსობრივი მონაწილეობა და რაოდენობა უნდა აისახოს სწორედ ამაში.
წარმატებები ჩვენ და ჩვენი გაძლიერებით წარმატებები ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.