ნინო წილოსანი - პრეზიდენტის ბოლო პერიოდის მოქმედებებს თუ დავაჯგუფებთ და გავაანალიზებთ, ვერ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს
პრეზიდენტის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის მოქმედებებს თუ დავაჯგუფებთ და გავაანალიზებთ, ნამდვილად ვერ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ადამიანს, რომელიც იღებს მეორე ქვეყნის მოქალაქეობას, საქართველოს მოქალაქეობის შეჩერება კონსტიტუციით, კანონით ეკუთვნის.
„პრეზიდენტისვე რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებები და მოთხოვნა იყო იუსტიციის სამინისტროს მიმართ, რომ იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა განაცხადი მოქალაქეობის შეჩერებასთან დაკავშირებით, გუშინ უკვე ვიხილეთ, რომ უარი თქვა მოქალაქეობის შეჩერებაზე. რა არის ამის მოტივაცია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ვერსია შეიძლება ვთქვათ. რაც თვალნათელია, არის ის, რომ ოთარ ფარცხალაძე რჩება საქართველოს მოქალაქედ და, სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ ის რეალურად რუსეთის მოქალაქეა, ამერიკის დაწესებული სანქციები პირველად მიემართება საქართველოს მოქალაქეს“, – განაცხადა წილოსანმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.