ნინო წილოსანი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედება მიზნად ისახავდა ტრიბუნის ბლოკირებას, სადაც იდგა მინისტრი
ქმედება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ იქნა განხორციელებული, მიზნად ისახავდა ტრიბუნის ბლოკირებას, სადაც იდგა მინისტრი, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში სხდომის გასაგრძელებლად საჭირო იყო პერფორმანსის შეწყვეტა, რაც მაინც გრძელდებოდა.
„ქმედება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ იქნა განხორციელებული, მიზნად ისახავდა ტრიბუნის ბლოკირებას, სადაც იდგა მინისტრი, რომლისთვისაც უნდა დაგვესვა ძალიან კრიტიკული კითხვები, მათ შორის საზოგადოებას უნდა მოესმინა პასუხები. თუ მიზანია, რომ შს მინისტრს გავუწიოთ ზედამხედველობა, დავუსვათ კითხვები, მისგან მოვისმინით პასუხები და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, რამდენად ჰქონდა მას მომხდარ ფაქტებზე პასუხისმგებლობა, რამდენად დამნაშავეა, რადგან ჟურნალისტები ამ შემთხვევაში ვერ დავიცავით და ეს იყო თუ არა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ამის ნაცვლად, პარტიებმა, რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობაა“ ამ ყველაფრის სათავეში და სამწუხაროდ, რიგმა ჟურნალისტებმაც, არჩიეს დემონსტრაციის და პროტესტის ის ფორმა, რომელსაც არ წყვეტდნენ. ამიტომ ამ ფაქტმა, ლუსტრირება მოახდინა, რა არის რეალური მიზანი – მიზანი არ არის კითხვებზე პასუხების მიღება, მიზანი არის აქციების ჩატარება.
სხდომის გასაგრძელებლად საჭირო იყო, რომ გრკვეულწილად პერფორმანსი შეწყვეტილიყო. ვერ გააკეთეს არჩევანი, რომ პერფორმანსი საბოლოოდ დაესრულებინათ და მინისტრისთვის მოესმინათ. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა არის მათი რეალური მიზანი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.
გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.