ნინო წილოსანი - მოგვწონს თუ არა, მშვიდობიან გარემოში შეკრების უფლება ყველას აქვს, რასაც პატივი უნდა ვცეთ
მოგვწონს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის ქმედებები, ყველას აქვს მშვიდობიან გარემოში შეკრების უფლება. ამ ყველაფერს აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანი ყველა მხარეს მოუწოდებს, დაიცვან გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება.
„დაძაბულობის ძალიან მაღალი ხარისხი დილიდან იგრძნობა. ძნელია, გაარჩიო, რა არის ამ დაძაბულობის სასტარტო წერტილი. მინდა, ყველა მხარეს მოვუწოდო, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის ქმედებები, ყველას აქვს მშვიდობიან გარემოში შეკრების უფლება. ამ ყველაფერს აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ.
რადიკალიზაციის ეს ხარისხი ნამდვილად არასახელმწიფოებრივია. ჩვენი გამოხატვის ფარგლებში, სახელმწიფოს ინტერესებს არ უნდა შევეხოთ. პრემიერ-მინისტრის თუ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის განცხადების მიზანია, არ მოხდეს სერიოზული დაპირისპირება. პრემიერის მოწოდება, რომ აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბონ, სწორედ ამ მოტივით არის განპირობებული. მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს არაერთი დესტრუქციული ქმედება უკავშირდება – ამიტომ, ბუნებრივად და ლოგიკურად შეიძლება არსებობდეს მოსაზრებები, რომ მათი განცხადებები და ქმედებები ცეცხლზე ნავთს ასხამს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.