ნინო წილოსანი - მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის ქარტია ჩაფლავდა, საკუთარი ეგოს აქტუალიზებისთვის პრესკონფერენციის ფორმა მოიფიქრა, თუმცა ეს პრესკონფერენციაც მისავე წინააღმდეგ შემოტრიალდა
ერთი მხრივ, ვხედავთ, საკუთარ ეგოს როგორ ეწირება პრეზიდენტის ინსტიტუცია, მეორე მხრივ, ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს არანაირი კომპეტენცია და ეს ნამდვილად სამწუხაროა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის ესოდენ ხმამაღლა დაანონსებული ქარტია სრულებით ჩაფლავდა, რადგან ფაქტობრივად ვინც ხელი მოაწერა, მალევე უკვე თავისთვის დაორგანიზდნენ ეს პარტიები, ახლა საკუთარი ეგოს აქტუალიზებისთვის მან უკვე პრესკონფერენციის ფორმა მოიფიქრა, თუმცა ეს პრესკონფერენციაც, ვფიქრობ, მისავე წინააღმდეგ შემოტრიალდა. დავიწყოთ იმით, რომ ადამიანი, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებებს აკეთებდა და ახლა სრულებით უარობს და ყველას გვეუბნება, რომ თურმე არასწორად გაგვიგია ის, რაც ყველამ ერთნაირად გავიგეთ, გარწმუნებთ, რომ ყოველ ჯერზე მოიტყუება. ასევე, სამარცხვინო იყო ჟურნალისტების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ დასმული კითხვები საქართველოს კურსთან დაკავშირებით, რადგან ამ ჟურნალისტების დიდი ნაწილი მას სულ რამდენიმე წლის წინ რუსეთის აგენტად და რეზიდენტად იხსენიებდა. ახლა ამ ადამიანს აკეთებინებენ თურმე საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკაზე კომენტარებს. რა თქმა უნდა, საინტერესოა, ერთი მხრივ, ვხედავთ, საკუთარ ეგოს როგორ ეწირება პრეზიდენტის ინსტიტუცია და, მეორე მხრივ, ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს არანაირი კომპეტენცია და ეს ნამდვილად სამწუხაროა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სრულებით არის აცდენილი პოლიტიკურ აზრსა და შინაარსს.
„ეს ადამიანი ერთ დროს სხვების ხარჯზე გაპრეზიდენტდა, ახლა კი ცდილობს, რომ ოპოზიციის ლიდერად წარმოგვიდგეს და თან ეს ყველაფერი ისე, რომ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მან ძალიან კარგად იცის, არჩევნებში მონაწილეობის პირობებში რა რეიტინგი ექნება. ამას ვერ შეცვლის ვერანაირი კვლევა და ვერ წაახალისებს ადამიანების მხარდაჭერას მის მიმართ. ამ პრესკონფერენციაზე ის არაერთხელ უსვამდა ხაზს იმ ქაოსის ქარტიას, რომელიც სრულიად გაუგებარი არის, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, თავად ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, რადგან მალევე ფაქტობრივად დატოვეს ეს ქარტია არაფორმალურად, რადგან სხვა პრინციპით გადალაგდნენ და, თავისთავად, არ მგონია, რომ ოპოზიციასთან ჰქონდეს რამე შანსები ამ ადამიანს, რომ მათ ლიდერად მოგვევლინოს, რადგან ის არათუ ვინმეს გაერთიანებას, არამედ საკუთარი თავის მობილიზებასაც ვერ შეძლებს და, შესაბამისად, ეს ერთობა თუ რაღაც ფორმით კოალიცია, არის თავისთავად წარუმატებელი იდეა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.