ნინო წილოსანი - კვოტირების სისტემამ იმუშავა, ახლა პარტიების პასუხისმგებლობაა, ქალები სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილი, შიდა პარტიული კვოტირება დიდწილად დააკომპესირებს კანონის დონეზე საკითხის გაუქმებას
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კვოტირების სისტემამ იმუშავა. ახლა პარტიების პასუხისმგებლობაა, ქალები სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
რაც შეეხება გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტოს, წილოსანის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ეს ალბათ ერთადერთი შინაარსიანი ვეტოა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს თავისი საქმიანობის მანძილზე გამოუყენებია.
„რა თქმა უნდა, არ დავეთანხმები მის მოტივაციას, რომ არაევროპული გადაწყვეტილებაა, რადგან კვოტა ევროპის ბევრ ქვეყანას არ აქვს, ეს სწორედაც რომ არაევროპული არ არის. პოლიტიკაში ქალების გაძლიერება კონსტიტუციით გამყარებული მიზანია, თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული, მათ შორის, ოპოზიციასთან შეთანხმებითაც და კვოტირების წესი გაუქმდა. შიდა პარტიული კვოტირება უნდა იყოს, რაც დიდწილად დააკომპენსირებს კანონის დონეზე საკითხის გაუქმებას. ჩვენი გუნდის მხრიდან მიმდინარეობს გუნდის შიგნით საუბარი. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურ გუნდს შეუძლია, საბოლოო ჯამში, კარგი შედეგი მივიღოთ საპარლამენტო არჩევნებზე იმ თვალსაზრისით, რომ პარტიებმა სიებში ქალების ოპტიმალური რაოდენობა გაითვალისწინონ. კვოტირების სისტემას თავის დროზეც აქტიურად ვუჭერდი მხარს. კვოტირების შემოღების რამდენიმე მცდელობა იყო. მოხარული ვიყავი, რომ 2020 წელს ამ წესის შემოღება მოხდა. კვოტირების წესმა მოგვცა ის შედეგი, რომ ქალების წარმომადგენლობა პროცენტებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2020 წლამდე რაც გაიზარდა, ერთი არჩევნებით გაიზარდა ამდენითვე – 5 პროცენტით გაიზარდა ქალების რაოდენობა პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.