ნინო წილოსანი - კოლექტიური „ნაცების“ ანტისახელმწიფოებრივ მოთხოვნას თუ ვინმე შეუერთდება, არაფრით იქნება ამ მავნებლებსა და ბოროტმოქმედებზე უკეთესი
საქართველოს ისტორიას ხშირად ახსოვს, ქვეყნის შიდა მტრებს რამდენი მავნებლობა ჩაუდენიათ, ამიტომ თანამედროვე ორჯონიკიძეების გზავნილი ევროკავშირისა და საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის იმ შეხვედრის წინსწრებით, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, სწორედ ამ შინაარსის მატარებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც წერილით მიმართეს ევროკავშირს, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ახორციელებენ.
„ამ წერილში ყველაზე ხშირად გაჟღერებული სიტყვებია: „შეჩერება“, „შეწყვეტა“, „გაყინვა“. ისინი ამ ქვეყნის 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის მოცემულობაში დაბრუნებას აინიცირებენ. ერთადერთი, რაც შემიძლია, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, კოლექტიური „ნაცების“ ანტისახელმწიფოებრივ მოთხოვნას თუ ვინმე შეუერთდება ან ვინმე აჰყვება, არაფრით იქნება უკეთესი ამ მავნებლებსა და ბოროტმოქმედებზე. იმედი მაქვს, ჩვენი ყველა პარტნიორი, ისევე როგორც ჩვენ, ჩვენი მხრივ, შეასრულებს იმ პირობებს, რომელთა დაკავშირებითაც შეთანხმებული ვართ ასოცირების ხელშეკრულებიდან მოყოლებული დღემდე. ჩვენი მხრიდან ამ პირობების სრული შესრულება მიმდინარეობს, შესაბამისად, ურთიერთობა და პარტნიორობა ორმხრივია. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ იმსჯელონ ფაქტებით, იმ რეალობით, რომელიც ქვეყანაშია და არა იმ ცრუ ნარატივებით და სიყალბით, რომელსაც ოპოზიცია ამ მავნებლური განცხადებით აგზავნის“, – განაცხადა წილოსანმა.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს.