ნინო წილოსანი - ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციონერი ლიდერების მიერ, ვინც ამ ყველაფერს ახალისებს, დანაშაულებრივი სქემის მონაწილეა
ამ პატარა ფაშისტურ დაჯგუფებას უნდა, რომ ის, რაც კანონით დასჯადია და მიუღებელია, გაასაღოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციონერი ლიდერების მიერ.
„თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ ეწევიან ბულინგს, ფსიქოლოგიურ ტერორს, მუქარებს, დახვედრებს, ოჯახის წევრების თანდასწრებით შეურაცხყოფას. გუშინ ეს ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ ადევნებაზეც გადავიდნენ. რამდენიმე დღეა, ვაკვირდები და ერთი და იგივე ავტომობილები მხვდება. გუშინ კადრში მოხვდა მანქანა, რომელიც ელოდებოდა კამერების გათიშვას, როცა კომენტარის გაკეთებას დავასრულებდი. სიგნალებით, მუქარებით და ყვირილით ჩამიარა. სწორედ მუქარას ჰქონდა ადგილი და ჩემი ცხოვრების შეცვლის მცდელობას ახორციელებდა. ეს მანქანა მეორედ დატრიალდა და იგივე გააგრძელა, რაც კადრებში კარგად ჩანს. შსს-დან დამიკავშირდნენ, დღეს 17:00 საათზე ვარ დაბარებული სამინისტროში, სადაც ამ მარაზმს დეტალურად აღვწერ. ამ ყველაფერს ადამიანურ ენაზე ფაშიზმი ჰქვია, კანონის ენაზე – ადევნება. ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციონერი ლიდერების მიერ. მათი წახალისების შედეგად ეს ყველაფერი უფრო მძიმე ფორმებს იღებს. აქამდე რასაც შემთხვევითობას აბრალებდნენ, თითქოს ვინმეს გადაეყარნენ და თავისი შეშფოთება გამოხატეს, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ არანაირ სპონტანურობას არ აქვს ადგილი და ეს არის კარგად გამიზნული და გათვლილი. ეს ყველაფერი კონკრეტული მიზნით კეთდება და ეს მიზანია ჩვენი დაშინება, საქმიანობაში ხელის შეშლა, ასევე აღარ ვიაქტიუროთ საჯაროდ. ვინც ამ ყველაფერს ახალისებს, ამ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეა“, – განაცხადა წილოსანმა.