ნინო წილოსანი - დაფინანსების შეწყვეტაზე განცხადება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად ხდება, მოქალაქეების განწყობა იმ პოლიტიკაში აისახება, რაც სახელმწიფოს ინტერესებშია
აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტაზე განცხადება მოქალაქეებში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად ხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, მოქალაქეების განწყობა აისახება იმ პოლიტიკაში, რაც სახელმწიფო ინტერესების ფარგლებშია და არა ქვეყნის გარედან მოემართება.
„თურმე დაფინანსება იმის გამო შეჩერებულა, რომ ანტიდემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია. როცა ამ ცრუ ბრალდებების ფონზე გარკვეული დაფინანსება ჩერდება, რა თქმა უნდა, სანდო არ არის და არანაირ ემპათიას არ იწვევს. შეიძლება, ერთი ადამიანის სახელით ვსაუბრობდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანის სათქმელს ვამბობ. ჩვენთვის უცნობია, რა დაფინანსებაზეა საუბარი. საგარეო უწყება არკვევს, რაზეა საუბარი. უცნაურია, განცხადება ასწრებს იმას წინ, რაც, წესით, ჯერ მთავრობებს შორის უნდა ირკვეოდეს. ეს უფრო ხდება იმისთვის, რომ მოქალაქეებში ანტი „ქართული ოცნება“ განწყობა შეიქმნას, მაგრამ მოქალაქეების განწყობა აისახება იმ პოლიტიკაში, რაც სახელმწიფო ინტერესების ფარგლებშია და არა ქვეყნის გარედან მოემართება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.