ნინო წილოსანი - ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ მისთვის დასანქცირება არაფერს წარმოადგენს, როცა სამშობლოს გადარჩენაზეა საუბარი
იან კელიზე სააკაშვილის პერიოდი გვახსენდება, როცა ეს ადამიანი ხმამაღალი განცხადებებით არ გამოირჩეოდა. მისი და კრამერის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა მხოლოდ ოპოზიციას ეხმარება, რომ საარჩევნოდ რაღაც ქულები ჩაიწეროს, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ მისთვის დასანქცირება არაფერს წარმოადგენს, როცა სამშობლოს გადარჩენაზეა საუბარი.
„განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მას ფინანსების მსუყე ნაწილი ისედაც გაყინული აქვს. ამის მოტივები სამართლებრივად კი გაუგებარია. ალბათ, ეს ვიღაცისთვის ბიძინა ივანიშვილზე ზეგავლენის საშუალება უნდა ყოფილიყო, თუმცა მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ როცა არჩევანი საკუთარ ქვეყანას ან სხვა კეთილდღეობას შორის არის, არჩევანს ქვეყნის სასარგებლოდ აკეთებს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
გამოცემა „ჰილმა“ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელისა და ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ კრამერის სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „ქართული დემოკრატიის გადასარჩენად ბაიდენმა უნდა დაუწესოს სანქციები ქვეყნის ოლიგარქებს.“